სამეფო სპორტში თუ ვინმე რეკორდების მსხვრეველია, რა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა როჯერ ფედერერი. ლეგენდარულ შვეიცარიელის მიღწევებზე საუბარი შორს წაგვიყვანს და უადგილოც არის, რადგან არ გვეგულება დედამიწის ზურგზე ადამიანი, ჩოგბურთი უყვარდეს და ფედერერის გენიალურობას არ აღიარებდეს.
როტერდამის უპრესტიჟულეს ტურნირზე კი, რომელიც უკვე ფინიშის სწორზეა და მხოლოდ ჩემპიონის ვინაობაა გასარკვევი, როჯერის რეკორდი იქეთ მოხსნეს. ეს, ახალგაზრდა და უნიჭიერესმა ფელიქს ოჟე-ალიასიმემ გააკეთა. კანადელი მეჩოგნე, როტერდამში მშვენივრად გამოიყურება, ტურნირსაც ერთი ამოსუნთქვით ატარებს და ფინალში დამსახურებულად გავიდა. რეკორდიც სწორედ ეს გახლავთ – ალიასიმე, როტერდამის ტურნირის 46 წლიანი ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფინალისტი გახდა და კანადელმა ამ მაჩვენებლიდ სწორედ ფედერერს აჯობა. 2001 წელს მაესტრო ალიასიმეს მსგავსად 19 წლის იყო, როდესაც როტერდამში ფინალს უწია, მაგრამ იქ ნიკოლ ესკუდესთან წააგო.
საქმე მხოლოდ დღეებში სხვაობაშია. სტატისტიკოსებმა არ დაიზარეს, გამოთვალეს და ფელიქს ოჟე-ალიასიმე, როჯერზე 3 დღით პატარა გამოდგა. ისე, საინტერესოა, რომ ფედერერიც და ალიასიმეც ერთ რიცხვში – 8 აგვისტოს არიან დაბადებულნი. აქვე ისიც ვთქვათ, რომ მესამე ადგილზე ჯონ მაკინროია, რომელმაც აღნიშნული ტურნირის ფინალი რომ ითამაშა 20 წლის გახლდათ.
ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ფინალის გზაზე ალიასიმემ გერმანელი შტრუფი, ბულგარელი დიმიტროვი, სლოვენიელი ბედენე და ესპანელი პაბლო კარენო-ბუსტა დაამარცხა. საჩემპიონო ტიტულისთვის, კანადელი ტურნირის მოქმედ გამარჯვებულს ფრანგ გაელ მონფისს დაუპირისპირდება და თუ გაიმარჯვებს, ATP-ის პირველ ჯილდოსაც აღმართავს.