რომში ეროვნული ჰიმნის აჟღერება არც ამჯერად გამოვიდა, თუმცა შარშანდელი შედეგი მაინც გაუმჯობესებულია. ჩემპიონობა კი ორჯერ სულ რაღაც ხელის გაწვდენაზე იყო, მაგრამ ეს სპორტია, სადაც დადგენილი წესებია და ფინალსაც ორი გამარჯვებული ვერ ეყოლება. სამწუხაროა, რომ სარბიელი ორივეჯერ გულდაწყვეტილებმა ქართველმა ფალავანებმა დატოვეს.
ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გამართული ევროპის ჩემპიონატი ქართველმა კლასიკოსებმა 4 მედლით დახურეს, რაც უკეთესი შედეგია, ვიდრე 2019 წლის ბუქარესტის ევროპირველობაზე აჩვენეს. რუმინეთში ქართველმა ფალავნების აქტივში 3 მედალი (2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) იყო.
ბრინჯაოს მედლები ნუგზარ წურწუმიამ (55კგ) და ამირან შავაძემ (60კგ) დაისაკუთრეს. შესაძლოა, გულშემატკივარი წურწუმიასგან უფრო მეტს ელოდა, რადგან ის საკმაოდ გამოცდილი მოჭიდავე და ამასთან ერთად მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონია, თუმცა არც ბრინჯაოს მედლები ყრია ქუჩაში და მისი გარჯა დასაფასებელია.
რაც შეეხება შავაძეს, აჭარის სკოლის წარმომადგენლისთვის უფროსებში ეს სადებიუტო ევროპის ჩემპიონატი გახლდათ და ამის ფონზე მესამე ადგილს ურიგო არ უნდა ეთქმოდეს. პირველმა, ბრინჯაოს მედლის ფინალში, ხალიჩაზე რუმინელი ფლორინ ტიტა ათრია (8:0), ხოლო მეორემ რუს ჯამბულატ ლოკაევს თანაბარ ბრძოლაში აჯობა.
ვერცხლის მედლები კი ლევან არაბულის (მძიმე წონა) და იური ლომიძის (72) ანგარიშზეა. მკერდზე ოქროს მედლები ორივეს კი დაამშვენებდა, თუმცა ბედმა არ გაუღიმათ. არაბული ფინალამდე ისე მივიდა ქულა არ დაუკარგავს, ჯამში კი 27 დააგროვა, მაგრამ გადამწყვეტ დაპირისპირებაში ოდენ ერთს გამორჩა. რუმინელმა ალექსის კიურარიუსმა ჩვენებურს 6:1 მოუგო. ისე, არაბული შარშან ბრინჯაოს გამორჩა, წლეულს კი ხარისხი გააუმჯობესა. ცდა არ დააკლო იური ლომიძემაც, მაგრამ ძალზედ ძლიერი და მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონის, გერმანელი სტაებლერის წინააღმდეგ ვერაფერს გახდა.
14 თებერვლიდან, რომში გაშლილი საჭიდაო ხალიჩა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს დაეთმობათ.