ტომას ტუხელთან კონფლიქტის შემდეგ კილიან მბაპეს სატრანსფერო საკითხი ისევ ყურადღების ქვეშ მოექცა. მოგეხსენებათ, მონპელიესთან 5:0 მოგებული შეხვედრისას, თავდამსხმელი შეცვალეს და მანაც უკმაყოფილება არ დამალა.
პარიზული კლუბის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხალიეფმა კი კილიანს პოზიცია ნათლად განუმარტა – ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში, ის არც ერთ კლუბთან მოლაპარაკების გამართვას არ აპირებს.
გასათვალისწინებელია, რომ ფეხბურთელს კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისს უმთავრდება და თუ 1 წლის განმავლობაში არ გაახანგრძლივებენ, მისი ფასი მნიშვნელოვნად დაიკლებს.
პსჟ-ს ყველა მცდელობა, რათა მბაპესთან კონტრაქტი გაეხანგრძლივებინა, ჩაიშალა, მაგრამ არა სპორტული, არამედ ფინანსური მოტივების გამო. ნასერ ალ-ხალიეფს დათმობა არ სურს, ფეხბურთელიც ჯიუტობს და თუ ასე გაგრძელდება, პარიზელები ძალის დემონსტრირებას შეეცდებიან.
ძალის დემონსტრირებაში რას ვგულისხმობთ? როგორც ეს ვერატის, ტიაგო მოტასა და მარკინიოსის შემთხვევაში მოხდა – სამივეს წასვლა უნდოდა, ამისთვის ყველაფერი გააკეთეს, თუმცა ფრანგულმა გუნდმა თავისი გაიტანა, ისინი წნეხში მოაქცია და მხოლოდ ორი არჩევანი დაუტოვა: კონტრაქტის გახანგრძლივება ან ბუნდოვანი პერსპექტივა. სხვა მაგალითიც არსებობს, რომელიც რაბიოს უკავშირდება, პრინციპებს არც ერთმა მხარემ უღალატა. საბოლოოდ ფეხბურთელი კი წავიდა, თუმცა ერთი სეზონის მანძილზე სათადარიგოთა სკამი გახეხა.
პსჟ-ს სპორტული დირექტორი ლეონარდო ყველანაირად ცდილობს ტუხელსა და მბაპეს კონფლიქტი მოაგვაროს. ისე მოჩანს, რომ გერმანელის მომავალს ჩემპიონთა ლიგაში თამაში გადაწყვეტს – პარიზელებს ხომ ლიგა 1-ში პირველობა დიდი ხანია ჩვეულებრივ ამბად მიაჩნიათ…