ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ შედარებით დაბალი კატეგორიის ტურნირების დრო დადგა, რომელშიც, რა თქმა უნდა, ტოპ ჩოგბურთელები არ მონაწილეობდნენ, თუმცა აქა-იქ საკმაოდ მაღალი დონის მოთამაშეებმა მაინც გაიელვეს. ნიკოლოზ ბასილაშვილი კი წლის პირველი დიდი სლემის ტურნირის შემდეგ, სადაც თავი დიდი ვერაფრით გამოიჩინა – პროგრამა მინიმუმიც ვერ შეასრულა, მეორე წრეში ფერნანდო ვერდასკოსთან წააგო და მელბურნში შარშან გამომუშავებული ქულებიც დაკარგა – კორტს როტერდამის უპრესტიჟულეს შეჯიბრზე დაუბრუნდება, რომლის საპრიზო ფონდიც 2 მილიონ დოლარზე მეტია.
როტერდამის ტურნირის საფარი ჰარდია და იქ ჩასვლას ტოპ მოთამაშეები არასდროს თაკილობდნენ, თუმცა წლეულს დიდი სამეულიდან ტიტების ქვეყანაში არავინ იქნება. ისე 2018 წელს, რიტერდამში როჯერ ფედერერმა იჩემპიონა, შარშან კი გაელ მონფისმა გაიხარა. ბუნებრივია, ფრანგი ჩოგბურთელი როტერდამში ტიტულის დაცვას შეეცდება და ტურნირზე მეორე ნომრად არის განთესილი. ორგანიზატორებმა პირველ ნომრად რუსი დანილ მედვედევი განთესეს, ხოლო მესამე ბერძენი სტეფანოს ციციპასია.
რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილს, რომელიც ამჟამად რეიტინგის 28-ე ნომერია, როტერდამში განთესვის გარეშე ითამაშებს. წილისყრამ მას პირველ მეტოქედ ანდრეი რუბლევი არგუნა. რუსი მეჩოგნე საგრძნობ პროგრესს განიცდის, კლასიფიკაციაშიც დიდი ნახტომი გააკეთა, რეიტინგში მე-15 ნომრობას უწია და რა გასაკვირია, რომ სპეციალისტები წყვილის ფავორიტად მას მიიჩნევენ. არადა, ურთიერთშეხვედრებში უპირატესობას ჩვენებური ფლობს – 2:1. ჩოგბურთის ქომაგებს ემახსოვრებათ, რომ ბასილაშვილმა რუბლევს შარშან ჰამბურგის პრესტიჟული ტურნირის ფინალში აჯობა. ცხადია, რუბლევთან მოგებების გასამება ქართველ ქომაგს დიდად ეამება და ვიმედოვნოთ, რომ ასეც იქნება.
2019 წელს, როტერდამში, ბასილაშვილმა ერთი ეტაპი გადალახა და 1/16 ფინალში უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩთან წააგო. ამიტომ, ახლაც პროგრამა მინიმუმი იგივეს გაკეთება იქნება, თუმცა უფრო შორს წასვლასაც არავინ უშლის.
ბასილაშვილი – რუბლევი 11 თებერვალს არის შედგება.