როგორც იქნა, „ლივერპულის“ ფეხბურთელებს ამოსუნთქვის საშუალება მიეცათ – პირველი თებერვლიდან 15 თებერვლამდე მხოლოდ ერთი შეხვედრის ჩატარება მოუწიათ, ისიც FA Cup-ზე, სადაც კლოპმა ძირითადი გუნდის შემადგენლობა დაასვენა. მერსისაიდელებს შეეძლოთ დრო ისე გაეტარებინათ, როგორც მოესურვებოდათ, გარდა ორი ფეხბურთელის – სალაჰისა და ჰენდერსონისა. მათ სასიამოვნო მოვალეობა დაეკისრათ – მშობიარობის დროს მეუღლეების გვერდზე უნდა ყოფილიყვნენ.
რა თქმა უნდა, ეს ისეც სასიამოვნო სიახლეა, თუმცა ყურადღება სხვა რამის გამო გავამახვილეთ – ბავშვები იქიდან 9 თვისა და 1 დღის შემდეგ დაიბადნენ, რაც ლივერპულმა ბარსელონას თამაში 0:3-დან დაუტრიალდა და ენფილდზე 4:0 მოუგო…
ამ შეხვედრაში ჰენდერსონმა 90 წუთი ითამაშა და საგოლე გადაცემაც შეასრულა, სალაჰი კი, ტრავმის გამო, მატჩს თვალს ტრიბუნიდან ადევნებდა, მაისურზე კი შემდეგი რამ ეწერა – Never give up („არასდროს დანებდე“).
ამ ფაქტთან დაკავშირებით ინტერნეტში ბევრი ხუმრობა დაიწერა, ყველაზე ენამახვილი კი ჯეიმს მილნერი აღმოჩნდა, რომელმაც ტვიტერზე დაპოსტა – „ორიჯის საგოლე პასი“. მოგეხსენებათ, „ბარსელონას“ დამარცხებაში ორიჯიმ უდიდესი როლი ითამაშა, ორი გოლი გაუტანა, აქედან ერთი, მეოთხე კი გადამწყვეტი გამოდგა.
ლივერპული, 30 წლის შემდეგ, ინგლისში პირველობასთან ძალიან ახლოსაა. მათ ამისთვის დარჩენილი 13 თამაშიდან 6-ის მოგება მართებთ. როგორც გამოცდილება გვაჩვენებს, მერსისაიდული კლუბის რიგებში, ტიტულის შემდეგ, ოჯახებში მატებას უნდა ველოდოთ…