საქართველოს კვლავ იმ მარაქაშია, საიდანაც ელიტა უფრო ახლოა. ქალთა საჩოგბურთო ნაკრებმა ჰელსინკიში დასრულებული ფედერაციის თასის ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფის მატჩები ერთი ამოსუნთქვით და დაუმარცხებლად განვლო.
ეკატერინე გორგოძემ, მარიამ ბოლქვაძემ, ოქსანა კალაშნიკოვამ, ზოია ქარდავამ და მარიამ დალაქიშვილმა მაკა ჩახნაშვილის კაპიტნობით ზედიზედ 4 მატჩი მოიგო და პირველ დივიზიონში აღზევდა, იქ სადაც დიდი ხნის მანძილზე იმყოფებოდა და შარშან დაქვეითდა.
ფედერაციის თასის 2019 წლის ტურნირზე, ინგლისის ქალაქ ბათში, ქართველი გოგონები მოწოდების სიმაღლეზე ვერ გამოიყურებოდნენ, პირველ ჯგუფში სერბეთთან, ხორვატიასთან და თურქეთთან დაუცდათ ფეხი და ქვედა ლიგაშიც ჩაინაცვლეს, მაგრამ ამან დიდხანს არ გასტანა და დაკარგული წლეულს აინაზღაურეს.
ფინეთის დედაქალაქში ისრაელის, მოლდოვის და ტუნისის დამარცხების შემდეგ, ქართველ ჩოგბურთელებს მთავარი დაპირისპირება მასპინძლებთან ელოდათ, რომლის გამარჯვებულსაც უნდა გაერკვია თუ ვინ იყო პირველი დივიზიონის ღირსი. მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის ცუდად დაიწყო, რადგან ეკა გორგოძემ ანასტასია კულიკოვასთან 2:6, 4:6 წააგო, თუმც მარიამ ბოლქვაძემ ონდა ოპრანას 7:5, 6:4 ძლევით საერთო ანგარიში გაათანაბრა. გამრჯვებული კი წყვილთა თანრიგს უნდა გამოევლინა, სადაც გორგოძე-კალაშნიკოვამ ჰეიტანარნა-კულიკოვას 6:4, 6:3 მოუგო.
მეორე წყვილში კი დანიელებმა გაიხარეს, რომლებმაც ტუნისს 2:1 აჯობეს.