ევროლიგის რეგულარულ გათამაშებაში, მადრიდის „რეალთან“ სტუმრად დრამატული დაპირისპირების და დასანანი მარცხის შემდეგ (69:70), „ბასკონიამ“ ხასიათი „ლიონ ვილერბანთან“ მოგებით გამოიკეთა.

23 იანვარს, რუსულ „ხიმკისთან“ გამარჯვების შემდეგ ვიტორიულმა საკალთბურთო კლუბმა მიჯრით ორი მატჩი წააგო და საპლეიოფო ზონას გვარიანად დაშორდა, თუმცა ფრანგულ გუნდთან წარმატებულმა თამაშმა „ბასკონიას“ საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრის შანსი დაუბრუნა.

„სამწუხაროდ ბოლო დროს უიღბლობა დაგვჩემდა და მიჯრით დასანანი მარცხები ვიწვნიეთ, თუმცა ახლა რამდენიმე თამაში შინ გვიწევს და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ გულშემატკივარი გავახაროთ. ბედნიერი ვარ, რომ დღეს ეს გამოგვივიდა,“ – თქვა „ვილერბანთან“ 79:65 მოგებული მატჩის შემდეგ „ბასკონიას“ კაპიტანი თორნიკე შენგელია.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელს ორმაგ დუბლამდე ერთი ქულა დააკლდა. თოკომ მეტოქეს 15 ქულა მიართვა და 9 მოხნაც მიითვალა, პარკეტზე კი 28 წუთი დაჰყო, რაც იმით იყო განპირობებული, რომ 4 პერსონალური ჯარიმით მალევე დაიტვირთა.

„ბასკონიას“ 9 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა. მომდევნო მატჩი კი 23 თებერვალს უშუალო კონკურენტთან „ჟალგირისთან“ ისევ შინ უწევს.