ავსტრალიაში, სადაც რამოდენიმე თვეა ტყის ხანძარი მძვინვარებს, ესპანელ გარბინიე მუგურუზას გავარვარებული მუგუზალი მოხვდა. ცოტა ხნის წინ, მსოფლიოს პირველ ჩოგან ესპანელ ჩოგბურთელს როდ ლეივერის არენაზე ცეცხლი ამერიკელმა სოფია კენინმა შეუნთო და მატჩის შემდეგ, დაჯილდოების ცერემონიალზე ემოციებისგან ხმააკანკალებულმა და თვალცრემლიანმა ორგანიზატორებისგან ავსტრალიის ღია პირველობის კოხტა თასიც აღმართა.
გარბინიე მუგურუზა ბლანკო ბევრს ეცადა გაესამებინა, როლან გაროსის და უიმბლდონის შემდეგ კარიერაში კიდევ ერთი დიდი სლემის ჯილდო დაესაკუთრებინა, ფინალში ფავორიტადაც ითვლებოდა და პირველი სეტიც თითქოს ზედმეტი ვნებათაღელვის გარეშე 6:4 მოიგო, თუმც 1998 წელს მოსკოვში დაბადებულმა და მალევე ოკეანისგაღმა გადაბარგებულმა უნიჭიერესმა სოფია კენინმა, გულშემატკივარი და ბადის მეორე მხარეს მყოფი კოლეგაც გააოცა. ტიტულების სიუხვითაც ნათლად ჩანს, რომ მუგურუზა კენინზე გაცილებით გამოცდილი მეჩოგნეა, თუმცა ფინალურმა მატჩმა თვალნათლივ გამოაჩინა, რომ 21 წლის ამერიკელი, მისთვის მოვლენების ცუდად განვითარების შემთხვევაში ფსიქოლოგიურადაც კარგად იყო მომზადებული. სასტარტო სეტის წაგების შემდეგ, სოფია კენინი არ გატყდა და ისე ათამაშდა მისი შემჩერებელი ხუთი გარბინიე მუგურუზა არ იქნებოდა – 6:2, 6:2.
„მებლურნში გატარებული ეს ორი კვირა, ჩემ ცხოვრებაში უდავოდ საუკეთესოა. ასეთი სიხარული არასოდეს განმიცდია. მინდა ყველას ვუთხრა, რომ ოცნებები ხდება,“ – თქვა მოგვიანებით ქალთა შორის 2008 წლის შემდეგ ავსტრალიის ღია პირველობის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონმა.
სოფია კენინმა მარია შარაპოვას რეკორდი, რომელიც მელბურნის დედოფალი 20 წლის ასაკში გახდა ვერ დაამხო, თუმცა ამ მაჩვენებლით ნაომი ოსაკას აჯობა. ჩოგბურთის მოყვარულთ შეხსენება არ ჭირდება, რომ შარშან ტურნირი სწორედ იაპონელმა მეჩოგნემ მოიგო და ისიც 21 წლის იყო, თუმც აქ უკვე სხვაობა თვეებშია.
საინტერესოა, რომ სოფია კენინი წლის პირველი დიდი სლემის ტურნირის ახალი პრინცესა ისე გახდა, გზად მხოლოდ ერთი განთესილი ჩოგბურთელი, მასპინძელთა მთავარი იმედი ეშლი ბარტი დაამარცხა. ისიც ვთქვათ, რომ სოფია კენინისთვის ეს ოთხიდან პირველი დიდი ჯილდოა, მანამდე ის ოთხი წრის იქით არასოდეს წასულა და მოგებული 3 WTA-ს ტიტულით იწონებდა თავს.
სოფია კენინმა ავსტრალიის ღია პირველობა მე-15 ჩოგნის რანგში დაიწყო, ხოლო ახლა კი ათეულის კარს შეაღებს, რეიტინგის მე-7 ნომრობით სერენა უილიამსს გადაასწრებს და ყველაფერთან ერთად აშშ-ს პირველი ჩოგანიც გახდება…