ყველაფერს ელოდნენ, მაგრამ ამას არა: იანვრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, „მანჩესტერ იუნაიტედმა” „შანხაი შენხუადან” იჯარით ოდიონ იგჰალო გადაიბირა. ამრიგად, ოლე გუნარ სულშერს ბოლოს და ბოლოს ჰყავს თავდამსხმელი, რომელსაც ასე ნატრობდა — 30 წლის ნიგერიელი, რომელიც როგორც ინგლისური წყაროები ამბობენ, ადრე „უოტფორდში” თამაშობდა.
ინგლისელი ჟურნალისტები „უოტფორდს” ხაზს იმიტომ უსვამენ, რომ მათი გუნდია და „იუნაიტედის” გულშემატკივარს იგჰალო ასე უფრო გაახსენდება, თორემ მანამდე ფორვარდი „უდინეზეს” ეკუთვნოდა. მას იტალიური გუნდის მაისურა სულ ექვსჯერ ეცვა — „გრანადასა” და „ჩეზენაში” აქირავებდნენ ხოლმე.
„იუნაიტედი” „შანხაი შენხუას” 3 მილიონ გირვანქას გადაუხდის, ოდიონ იგჰალო კი კვირაში 100 ათასს მიიღებს, რაც შეიძლება ვინმეს ბევრი ეჩვენოს, მაგრამ ნიგერიელისთვის ჩინური ხელფასის დაახლოებით მესამედია. იქ ფორვარდი წელიწადში 15,5 მილიონ გირვანქას იღებდა.
ოდიონ იგჰალო ბავშვობიდან „იუნაიტედის” ფანია. ის მანჩესტერში” დღეს ჩაფრინდება და შეუდგება იმ კონტრაქტის პირობების აღსრულებას, რომელშიც ივნისის შემდეგ თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ არაფერი წერია.
ინგლისური მას-მედია ფანების დასაწყნარებლად წერს, რომ ახალი მანჩესტერელი „კორონავირუსის სამშობლოდან”, ვუჰანიდან, არ მოფრინავს და ორკვირიან იზოლაციაში არ მოაქცევენ.
ოლე გუნარ სულშერი: „ოდიონი გამოცდილი ფეხბურთელია. ის ცოტა ხნით ჩამოდის, მაგრამ ჩვენს გუნდს თავდასხმაში დაეხმარება. იგჰალო განსხვავებული ცენტრ-ფორვარდი, დიდებული ადამიანი და ნამდვილი პროფესიონალია”.
მანჩესტერელთა ნორვეგიელ მწვრთნელს რომელუ ლუკაკუსა და ალექსის სანჩესის გაყიდვისა და მარკუს რეშფორდის დაშავების შემდეგ თავდამსხმელი სჭირდებოდა. „ოლდ ტრეფორდის” მეტრანსფერეებმა ყველა ღონე იხმარეს გამოყოფილი სახსრების ფარგლებში ახალი ფორვარდის შესაძენად, მაგრამ ჯერ ერლინგ ჰაალანდი დაუთმეს „დორტმუნდს”, რასაც სხვა ხელმოცარული მცდელობებიც მოჰყვა.
ოდიონ იგჰალომ „უოტფორდის” შემადგენლობაში „სანის” ვერსიით 99 შეხვედრაში 39 გოლი გაიტანა, ხოლო ვიკიპედიის თანახმად 90 თამაშში 36. ნიგერიელი იქ ორივე ვერსიით 2014-17 წლებში თამაშობდა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 08:39იყო თუ არა გასაგდები ბოსნიელების მეკარე?
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 07:22ხვალინდელი ბრძოლისთვის UFC-მ სარეკორდო 60 მილიონი დახარჯა
მთავარი ამბავი12/06/2026 | 07:46მას მერე, რაც კოლინამ წითლები შეამცირა
აქეთურ-იქითური11/06/2026 | 09:03დროშებს და ჰიმნებს მიღმა
