ახლახანს, ბუდაპეშტში, წყლაბურთში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლა რომ დადებითად შეფასდა უკვე ითქვა და დაიწერა. ქართველმა წყალბურთელებმა, კონტინენტის პირველობაზე მეოთხედ იასპარეზეს და ყოველ ჯერზე უკეთესი შედეგით გამოირჩნენ.

რევაზ ჩომახიძის შეგირდებისგან ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთის ნაკრების დამარცხება სპეციალისტების მხრიდან სენსაციად შეირაცხა, რამაც საქართველოს ნაკრებს საუკეთესო 12 გუნდში გაუკვალა გზა. ქართველმა წყალბურთელებმა საბოლოოდ ტურნირი მეათე ადგილზე დაასრულეს და რუსეთის ნაკრებთან დაპირისპირებაში ოდნავ რომ გამართლებოდათ მეოთხედფინალშიც გავიდოდნენ.

საქართველოს ნაკრებს, უნგრეთის დედაქალაქში დამაჯერებელი თამაში დაუფასდა და საწყლოსნო სახეობათ საერთაშორისო ფედერაციიდან ფრიად სასიამოვნო ცნობაც მოვიდა, რაც ჩვენებური წყალბურთელების ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირში მიწვევით გამოიხატება.

საბერძნეთი, ხორვატია, რუსეთი, კანადა, ირანი, ყაზახეთი, მონტენეგრო, გერმანია, ბრაზილია, ჰოლანდია, რუმინეთი, აფრიკის ერთ-ერთი გუნდი, რომლის ვინაობაც მოგვიანებით გაირკვევა და საქართველო. 20-26 მარტს, ჰოლანდიის ქალაქ როტერდამში, სწორედ ეს 12 ნაკრები შეეცილება ერთმანეთს იაპონიის დედაქალაქში გასამგზარვებელ საგზურებს.

საერთაშორისო ფედერაციას ზუსტი რაოდენობა ჯერ არ დაუდგენია, მაგრამ ის კი ცნობილია, რომ ტურნირზე 3 ან 4 ლიზენზია განაწილდება.

ჯგუფური ეტაპის წილისყრა 20 თებერვალს გაიმართება და საქართველოს ნაკრების მეტოქეებიც მაშინ გაირკვევა. ასევე დაზუსტდება ტურნირის ფორმატიც.

ფეხბურთში, კალათბურთში, ხელბურთში, ფრენბურთში და იგივე წყალბურთშიც, ქართულ ოლიმპიურ ყულაბაში ოქრო-ვერცხლი კი ჩხრიალებს, მაგრამ ეს ყველაფერი საბჭოთა პერიოდში ხდებოდა. დამოუკიდებელ საქართველოს კი ოლიმპიადებზე არათუ მედალი, პლიაჟის ფრენბურთს და ნატურალიზებულ ჰოლანდიელ სპორტსმენებს თუ არ ჩავთვლით გუნდურ სახეობაში არასოდეს უასპარეზია. ურთულესი ამოცანაა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს ვაჟ წყალბურთელთა ნაკრებს ისტორიული შანსი აქვთ გახდნენ პირველები.