ბრუნო ფერნანდეში ამბობს, რომ მას „მანჩესტერ იუნაიტედი” კრიშტიანუ რონალდუმ შეაყვარა. 25 წლის პორტუგალიელმა მანკუნიანელებთან ხუთწელიწადნახევრიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ფერნანდეშის სანაცვლოდ ლისაბონის „სპორტინგი” „ოლდ ტრეფორდიდან” 55 მილიონ გირვანქას მიიღებს. თანხა ასე განაწილდება: 46,6 მილიონი ახლავე, 4,2 მილიონი იმის მიხედვით, თუ როგორ მოერგება ფეხბურთელი ახალ გუნდს და 4,2 იმ შემთხვევაში თუ „იუნაიტედი” ჩემპიონთა ლიგაში მოხვდება.

ხოლო თუ ბრუნო ფერნანდეში „ოქროს ბურთის” ლაურეატი გახდება ან თავის ახალ კლუბს ჩემპიონთა ლიგას მოაგებინებს, 55 მილიონ გირვანქას ზედაც 12,7 მილიონი დაემატება.

ხუთი წლისა და ექვსი თვის შემდეგ ფერნანდეშს კიდევ ერთი წლით შეეძლება კონტრაქტის გახანგრძლივება, ოღონდ საამისოდ ორმხრივი თანხმობა და სურვილი იქნება საჭირო.

და ბრუნო ფერნანდეშს ერთი სული აქვს როდის ჩაიცვამს მაისურს, რომელიც ოდესღაც, დიდი კარიერის დასაწყისში, მისმა ლეგენდარულმა თანამემამულემ ჩაიცვა.

ფერნანდეში: „მანჩესტერ იუნაიტედი” მაშინ შემიყვარდა, როდესაც იქ კრიშტიანუ რონალდუმ დაიწყო თამაში და მას მერე ამ დიდი კლუბის გულშემატკივარი ვარ. ვერც კი ვიჯერებ „იუნაიტედში” რომ გადავედი და გარწმუნებთ, ძალ-ღონეს არ დავიშურებ რათა კიდევ უფრო მეტი ტროფი მოვიგოთ.

აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო „სპორტინგს”. სიტყვები, რომლითაც ჩემმა აწ უკვე ყოფილმა თანაგუნდელებმა გამომაცილეს ცოტა სიურეალისტურიც კი იყო.

აგრეთვე დიდი მადლობა ოლესა და ყველა მანჩესტერელს, ვინც მენდო. ახლა ერთი სული მაქვს, როდის ჩავიცვამ ახალი კლუბის ფორმას და როდის გავალ მოედანზე”.

სულშერი მართლაც დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ფერნანდეშის გადაბირებას და კმაყოფილია, რომ ბოლოს და ბოლოს მიზანს მიაღწია. ნორვეგიელს ეიმედება, რომ ნახევარმცველი, რომელმაც „სპორტინგის” მაისურით 137 შეხვედრაში 63 გოლი გაიტანა და 52 საგოლე პასი ჩააწოდა, „იუნაიტედის” მომავალ წარმატებებში დიდ როლს ითამაშებს.

მწვრთნელმა თქვა: „აგერ უკვე რამდენი თვეა რაც ბრუნოს გადაბირებას ვცდილობთ. ჩვენთან ყველა მოხიბლულია მისი მონაცემებით და სწამს, რომ მას ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი თვისებების შემატება შეუძლია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის ძლიერი პიროვნებაა, ლიდერისა და მებრძოლის გამოკვეთილი ხასიათით.

ბრუნოს გოლებისა და საგოლე პასების შთამბეჭდავი სტატისტიკა აქვს, რაც „მანჩესტერ იუნაიტედს” სეზონის მეორე ნახევარში ძალიან გამოადგება”.

ბრუნო ფერნანდეშის „მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლამ „სანს” პორტუგალიელი ფეხბურთელების მიერ „ოლდ ტრეფორდზე” გატარებული დღეების გადახედვისკენ უბიძგა. გაირკვა, რომ „იუნაიტედში” დღემდე ხუთ პორტუგალიელს უთამაშია, ოღონდ ყველა წარმატებული არ იყო.

წარმატებულთა შორის გამოსაყოფია ნანი, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედში” რონალდუს შემდეგ გადავიდა და რვა წელიწადი დაჰყო. ის ოთხჯერ გახდა პრემიერლიგის ჩემპიონი; 2008 წელს, რონალდუსთან ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგა, კლუბთა მსოფლიო თასი და ორჯერ გახდა ლიგის თასის მფლობელი.

ყველაზე წარუმატებელი კი იყო ბებე, რომელიც „ოლდ ტრეფორდზე” 2010 წელს გადაბარგდა. თავდამსხმელმა სულ ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავის გზას ეწია.

ეს იყო მშობლების მიერ მიტოვებული ბავშვი, რომელიც ლისაბონთან უპატრონო ბავშვთა სახლში იზრდებოდა. „იუნაიტედს” ის სულ 7 მილიონი გირვანქა დაუჯდა, მაგრამ შემდეგ სერ ალექს ფერგიუსონმა აღიარა, ფეხბურთელი ისე მაყიდინეს, ნანახიც კი არ მყავდაო.

ახალ გუნდში ბრუნო ფერნანდეშს ერთი თანამემამულე დახვდება და ინგლისურ გარემოსთან ადაპტაციაში დაეხმარება. ესაა დიოგო დალოტი, რომელიც მანჩესტერში „პორტუდან” 2018 წელს გადავიდა. ოფიციალურად „მანჩესტერ იუნაიტედს” ეკუთვნის მეკარე ჟოელ პერეირაც, რომელიც შოტლანდიურ „ჰართსშია” გაქირავებული.