პრემიერლიგაში ინტრიგა მოკლეს. იურგენ კლოპმა და ალბათ ისტორიაში ყველაზე დაბალასებულმა „ლივერპულმა“ ყველა მეტოქეს სკალპი ახადა და ახლა სტატისტიკასღა ებრძვის. სხვა რა დავარქვათ იმას, რაც ხდება? 16-ქულიანი ჰანდიკაპი „სიტისთან” და ერთი მატჩიც თადარიგში, 23 ტურში მოპოვებული 22 გამარჯვება და ერთადერთი ფრე…
მერე?
შეძლებს კლოპის გუნდი სეზონის 101 ქულით ჩამთავრებას და „სიტის“ 100-ქულიანი შედეგის გაუმჯობესებას?
შეძლებს „ლივერპული“ სეზონის წაუგებლად ჩამთავრებას?
შეძლებენ მერსისაიდელები ვენგერის „არსენალის“ 49-მატჩიანი წაუგებელი სერიის გაუმჯობესებას?
ძალიან კარგი, თუ ეს კითხვები მხოლოდ სტატისტიკოსებს და ქომაგებს აწუხებთ და ძალიან ცუდი, თუ კლოპს და მის ბიჭებსაც.
თავად გვარდიოლამ აღიარა, წლევანდელი „ლივერპული“ ევროპის ნებისმიერ ლიგაში იჩემპიონებდაო. სურვილის შემთხვევაში კლოპის გუნდს ყველა ზემოთნახსენები რეკორდის მოხსნა შეუძლია, მაგრამ ამით რა? „სიტიმ“ 2 წლის წინ 100 ქულით იჩემპიონა, მაგრამ ქომაგს არანაკლებ ახსოვს „ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგაში ორმატჩიანი 1:5.
2004 წელს ვენგერის „არსენალმა“ ზედიზედ 49 მატჩში არ წააგო, მაგრამ მერე 14 წელი ვეღარ იჩემპიონა. „ლივერპულს,“ ნანატრი ჩემპიონობა, წარმოუდგენელია უკვე ვინმემ წაართვას, მაგრამ არის სხვა საფრთხე. შეიძლება გუნდი ფსიქოლოგიურად მაშინ გაიბზაროს, როცა ლიგაში გადამწყვეტი თამაშების დრო დადგება.
რატომ?
იმიტომ, რომ „არსენალის“ 49-მატჩიანი წაუგებელი სერიის გასამეორებლად აუცილებელი შეხვედრა მერსისაიდელებს აპრილში… „სიტისთან“ უწევთ. პეპი და „ქალაქელები“ ორმაგად მოტივირებულნი იქნებიან, რომ მეტოქეს სეზონი ჩაამწარონ. თუ გამოუვიდათ, ლივერპულელების თავდაჯერებას წყალი შეუდგება. არადა, ეს კომპონენტი აუცილებელია, რათა კლოპმა ჩემპიონობას ჩემპიონთა ლიგაც დაურთოს და მართლაც ისტორიაში შევიდეს.
იქნებ არ ჯობდეს საქმის აპრილამდე და „სიტიმდე“ მიყვანა? იქნებ არ ჯობდეს თეორიული რეკორდების დევნა? საკმარისია, „ლივერპულმა“ იქამდე „ვესტ ჰემთან“ წააგოს და მორჩა – მთელი ყურადღება ჩემპიონთა ლიგაზეა. მე ახლა ჩემი საყვარელი გუნდისგან ჩემპიონთა ლიგის თასი მინდა და არა, რეკორდები.
პრემიერლიგას ალისონის სეივები, ტრენტის ფილიგრანული პასები და შერეკილი შემტევი სამეული ურეკორდებოდაც შეირგებს.