„შრუსბერის” გოლი „ლივერპულის” კარში

იურგენ კლოპმა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის ერთგვარი ბოიკოტირება სცადა, რაზეც გამწარებული კაცის პასუხი მიიღო. „ლივერპულის” თავკაცი უარს ამბობს, როგორც მწვრთნელმა, პირადად მიიღოს მონაწილეობა „შრუსბერისთან” საპასუხო შეხვედრაში და თამაშზე ჭაბუკთა გუნდის გაშვებას აპირებს.

გერმანელის ასეთი დამოკიდებულება ბევრს არ ესიამოვნა, ვინაიდან „ლივერპულსა” და „შრუსბერის” შორის გამარჯვებულს მეხუთე რაუნდში „ჩელსი” ელოდება. მერსისაიდელებს „შრუსბერის” წინააღმდეგობის დაძლევა არ უნდა გაუჭირდეთ. შესაბამისად, მომდევნო რაუნდში „ლივერპულისა” და „ჩელსის” შეხვედრაა მოსალოდნელი და გამოდის, რომ კლოპს სწორედ მისი ჩაშლა აქვს განზრახული.

პირველი ლიგის კლუბის „ეკრინგტონის” თავმჯდომარემ ენდი ჰოლტმა (ქვემოთ, ფოტოზე) კი კლოპის საქციელს სხვა მხრიდან შეხედა და უსამართლო უწოდა. მან ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციას „წითლების” თავკაცის დასჯა მოსთხოვა, რადგან მისი აზრით, კლოპის მსგავსი დამოკიდებულებით მსოფლიოს უძველესი შეჯიბრება უფასურდება.

„ლივერპულის” ყოფილმა ვარსკვლავებმა ჯეიმი კარაგერმა და დენი მერფიმ კლოპს თამაშზე მისვლისკენ მოუწოდეს.

„ლივერპულმა” „შრუსბერისთან” პირველ შეხვედრაში, სტუმრად 2:2 ითამაშა, თან 2:0-ს იგებდა. შესაბამისად, ახლა საპასუხო თამაში ელის. საპასუხო თამაში კი ისედაც გადატვირთულ ინგლისურ საფეხბურთო ცხოვრებაში კიდევ ერთი მატჩის ჩასმას ნიშნავს.

ჰოლტმა პირადად კლოპსაც მიმართა: „იურგენ, რასაც თქვენ აკეთებთ, პირწმინდა ეგოიზმია და რეპუტაციას გიფუჭებთ. „ლივერპული” სერიოზულად უნდა გაიკიცხოს და დაჯარიმდეს. ეს ჩვენი ფეხბურთია, მათი კი არა. დღეს ინგლისში პრემიერლიგის სიხარბის წინაშე ყველაფრის დათმობის სახიფათო გზას ვადგავართ და ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს.

კლოპის საქციელი „შრუსბერის” მიმართაც უსამართლობაა. ამ გუნდსა და მის ფანებს უნდა ჰქონდეთ უფლება, ფრედ ითამაშონ დიდ გუნდთან და შემდეგ ეტაპზე გასვლისთვისაც ვაჟკაცურად შეებრძოლონ მას. ბევრს ასეთი რამ ცხოვრებაში ერთხელ თუ გადახდება და ელიტის სიხარბემ ეს დიდებული მომენტი ვერ უნდა ჩაუშხამოს.

კლოპი ვალდებულია „შრუსბერის” უძლიერესი შემადგენლობით ეთამაშოს”.