ესპანელებს შეუძლიათ თავი იმით ინუგეშონ, რომ ბუდაპეშტიდან ოქროს მედლის გარეშე მაინც არ მიდიან. უნგრეთის დედაქალაქში, ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში ვაჟთა გარდა ქალთა შორისაც მიმდინარეობდა და ჩემპიონობა სწორედ ესპანელმა მანდილოსნებმა იზეიმეს, რომლებმაც ფინალში რუსები დაჯაბნეს.
ვაჟებში კი პირველობა უნგრეთმა გაიფორმა. მასპინძლებმა, რომლებიც წყალბურთის სამშობლოდან კი მიიჩნევიან და სპორტის ამ სახეობაში უდიდესი ტრადიციები გააჩნიათ, ევროპის საუკეთესო გუნდის წოდება მეცამეტედ მოიპოვეს. ფინალში კი დრამატულ ბრძოლაში ესპანელებს აჯობეს, უფრო სწორად იღბალი მათ მხარეს აღმოჩნდა, თორემ მეტოქე დაჩაგრესო, ნამდვილად ვერ ვიტყვით, რადგან მატჩის დასრულებამდე წამებით ადრე უნგრელთა მეკარეს რომ არ ეყოჩაღა, სიხარულისგან შეშლილი სახეებით, წყალში სწორედ ესპანელთა სამწვრთნელო შტაბი გადაეშვებოდა.
მატჩი კი უდავოდ ფინალისთვის შესაფერისი გამოდგა და ფრედ 9:9 დასრულდა. პენალტების სერიაში უნგრელებმა ივარგეს (5:4) და ნანატრი ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრეს. უნგრეთის ვაჟთა ნაკრები, წყალბურთში ბოლოს კონტინენტის საუკეთესო გუნდი 1999 წელს ფლორენციაში გახდა.
ენა არავის მოუბრუნდება იმის სათქმელად, რომ უნგრელებს ჩემპიონობა არ ეკუთვნოდათ, მაგრამ ესპანელების გულში რა ცეცხლი ტრიალებდა მარტივი მისახვედრი უნდა იყოს. 2018 წელს, ბარსელონაში, მასპინძლები სერბებს დაეჩაგვრინნენ.
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ფინალამდე ესპანეთის ნაკრებმა გაცილებით რთული გზა გაიარა, ვიდრე უკვე მოქმედმა ჩემპიონებმა. ესპანეთმა მეოთხედფინალში, ორი წლის წაგებული ფინალისთვის სერბეთზე ჯავრი ახლა იყარა, ხოლო შემდეგ ხორვატიას აჯობა. უნგრელებმა კი რუსეთს და მონტენეგროს სძლიეს. აქვე ისიც ვთქვათ, რომ ესპანეთი და უნგრეთი ჯგუფურ ეტაპზეც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ის მატჩიც ფრედ (11:11) დასრულდა.
ამრიგად, რიგით 34-ე ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში უკვე ისტორიის კუთვნილებაა. 2022 წელს კი ევროპის უძლიერესი 16 ნაკრები ხორვატიის ქალაქ სპლიტში შეიკრიბება.