სტოკჰოლმის „ტელე2 არენაზე” ესპანეთის ხელბურთელ კაცთა ნაკრები გახდა ისტორიაში მეორე გუნდი, ვინც ევროპის უძლიერესის ტიტული შეინარჩუნა. აქამდე ეს მხოლოდ შვედებს მოეხერხებინათ 2002 წელს.
17 769 მაყურებლის წინაშე ესპანელებმა ხორვატებს 22:20 მოუგეს. რაც ევროები ტარდება, ფინალში ამაზე დაბალი ანგარიში მხოლოდ ორჯერ იყო.
იბერიელთა გამარჯვებას სანტანდერში დაბადებულმა ყირგიზმა მარჯვენა ინსაიდმა ალექს დუიშებაევმა საფინალო სირენამდე 25 წამით ადრე დაჰკრა ბეჭედი: მეკარე გონსალო პერეს დე ვარგასმა ხორვატთა შეტევა მოიგერია, ესპანელებმა ბურთი მეტოქის კარისკენ წაიღეს და სხვაობა ორ გოლამდე გაზარდეს.
ესპანეთის ნაკრებმა, რომელსაც რიოს 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა არ მიუღია, ევრო 2020-ის მოგებით ავტომატურად მოიპოვა ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის საგზური.
ეს გახლდათ ხელბურთში ესპანელ კაცთა მეოთხე დიდი სანაკრებო გამარჯვება 2005 და 2013 წლების მსოფლიოს ჩემპიონობისა და ევრო 2018-ის ტრუმფის შემდეგ.
ესპანეთში ხელბურთის მაღალ დონეზე მეტყველებს ისიც, რომ ერთი თვის წინ, იაპონიაში გამართულ ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე იბერიელებმა ფინალში ითამაშეს — გადამწყვეტი მატჩი ჰოლანდიასთან წააგეს (29:30).
სტოკჰოლმის „ტელე2 არენაზე” გამართულ გადამწყვეტ შეხვედრაში კი ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო მომენტი მოედანზე მეკარე პერეს დე ვარგასის შესვლა გახლდათ. სწორედ მის ყოჩაღ თამაშს მოჰყვა ხორვატთა სამგოლიანი უპირატესობის გაბათილება, ხოლო ის თუ რა მოხდა ბოლო წუთზე, ზემოთ უკვე მოგახსენეთ.
ფინალის საუკეთსო მოთამაშედ დაასახელეს ხორვატი გამთამაშებელი დომოგოი დუვნიაკი, რომელიც მოგვიანებით მთელი შეჯიბრების MVP-დაც აღიარეს.
დუვნიაკმა ესპანელებთან შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და, როგორც სჩვევია, დაცვაშიც ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა.
ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი ხორდი რიბერა: „ჩვენ ევრო 2020-ზე სწორი სტრატეგია ავირჩიეთ — ყოველთვის მხოლოდ მომდევნო მატჩზე ვფიქრობდით. როდესაც ერთმანეთს ბევრი ძნელი თამაში მოსდევს, ეს მიდგომა გონივრულია. და როგორც საქმემ გამოაჩინა მართლები ავღმოჩნდით. აგერ, თქვენს წინაშე ოქროს მედლებით ვდგავართ”.
ხორვატიის ნაკრების თავკაცი მარკო მამიჩი: „ეს ყო ბოლო წამებამდე დაძაბული შეხვედრა, რომელშიც გადამწყვეტი გოლები მათ გაიტანეს, ჩვენ კი ვერა. დაცვაში ჩვენც შეუვალი ვიყავით და მოწინააღმდეგეც. დამარცხება ძნელი გადასატანია, მაგრამ მეორე ადგილი საამაყოა. ახლა შემდგომ შეჯიბრებებზე უნდა დავიწყოთ ფიქრი”.