ვინ არის საიდან მოვიდა ერლინგ ჰოლანდი? „დორტმუნდის“ ახალწვეულზე მთელი ევროპა ლაპარაკობს. „ზალცბურგიდან“ „დორტმუნდში“ 20 მილიონ ევროდ გადაბარგებული 19 წლის თინეიჯერი დღეს ევროპულ ფეხბურთში ყველაზე განხილვადი თემაა. აქამდე მხოლოდ შვიდმა ფეხბურთელმა შეძლო ტოპ-5 ჩემპიონატის სადებიუტო შეხვედრაში სამჯერ გაეტანა. ბოლოს ეს პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გაახერხა. ჰოლანდმა კი არც სადებიუტო ჰეთ-თრიქი იკმარა და მომდევნო შეხვედრაში (24 იანვარს, კიოლნთან) დუბლი მიითვალა. ეს უკვე მეტისმეტია – არამხოლოდ ბუნდესლიგის, სრულიად ევროპის რეკორდია.

ჰოლანდი ევროპული გრანდების ყურადღების ცენტრში ჯერ კიდევ 2016 წელს, ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატისას მოექცა. „მოლდეს“ ფეხბურთელს არჩევანი დიდი ჰქონდა, მაგრამ მოკრძალებული ავსტრიული „რედ ბული“ აირჩია. ალბათ, ლოგიკურად.

ავსტრიაში ჰოლანდმა 14 შეხვედრაში 16 გოლი და 6 საგოლე პასი მიითვალა. ეს მხოლოდ ჟურნალი იყო, კინო კი ჩემპიონთა ლიგაში დაიწყო: 3 გოლი „გენტთან“, გოლი „ლივერპულთან“, 2 გოლი „ნაპოლისთან“, ისევ „ნაპოლისთან“ და ერთიც „გენკთან“…

სუპერშედეგია – ჩემპიონთა ლიგის 6 შეხვედრაში 8 გოლი და 1 საგოლე პასი. ჰოდა, დაიწყეს სუპერკლუბებმა ერლინგ ჰოლანდზე ნადირობა. „იუვე“, „მანჩესტერი“, „ნაპოლი“ რიგში ჩადგნენ.

ყველას გერმანულმა „ბორუსიამ“ აჯობა. აღმოჩნდა, რომ 2.5 წლის განმავლობაში დორტმუნდელებმა ახალგაზრდა ტალანტი 28-ჯერ ნახეს. კლუბის სპორტული დირექტორი მათიას ზამერი რამდენჯერმე ინკოგნიტოდ „რედ ბულის“ ვარჯიშსაც კი დაესწრო. შედეგად კლუბმა 20 მილიონი ევრო მიიღო, მისმა აგენტმა მინო რაიოლამ 15 მილიონი. ამას გარდა 10 მილიონი გადაუხადეს ფეხბურთელის მამას – ალფ-ინგე ჰოლანს, ვისაც თავის დროზე „ლიდსში“ და „სიტიში“ უბურთავია.

„დორტმუნდმა“ სუპერვარსკვლავი 2024 წლამდე კი გაიფორმა, მაგრამ გამოსასყიდად მოკრძალებული 50 მილიონი დაუთქვა