შვედეთში, ავსტრიასა და ნორვეგიაში დასრულდა ევრო 2020-ის მთავარი ეტაპი. დარჩა მატჩი 5-6 ადგილებისთვის, ნახევარფინალები, მატჩი მესამე ადგილისთვის და ფინალი.
მთავარი ეტაპის I ჯგუფში ხორვატიამ კინაღამ მოუგო ესპანეთს, მაგრამ იბერიელებმა ბოლოწამს გაქვითეს — 22:22. შედეგად, პირველი ადგილი ესპანელებს დარჩათ, მეორე კი ხორვატებს.
ამ თამაშის შესახებ სხვანაირადაც შეიძლება ითქვას: ქამბექების დიდოსტატმა ხორვატიამ ესპანელებს ექვსქულიანი ჩამორჩენა ამოუქაჩა და ფრედ ითამაშა. უტეხი ბალკანელები ასეთ შედეგს თავიანთი ხასიათის გარდა გამთამაშებელ იგორ კარაჩიჩს უნდა უმადლოდენ, რომელმაც 10 გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესოდაც დაასახელეს.
ამავე ჯგუფში ფრედ ითამაშეს მასპინძელმა ავსტრიელებმა და ბელარუსებმაც — 36:36. შეხვედრის ბოლო გოლი, საფინალო სირენამდე 5 წამით ადრე, ავსტრიელთა კაპიტანმა ნიკოლა ბილიკმა ჩაჭედა. ამრიგად, ავსტრიამ ისტორიაში თავის საუკეთესო შეგედს მიაღწია: 2010 წელს, როდესაც პირველად უმასპინძლა ევროს, მე-9 ადგილზე იყო, ახლა კი რეიტინგით მე-8 გუნდია.
„ვერ ვიჯერებ ეს ქულა რომ მოვიპოვეთ. დღეს სათამაშოდ საკუთარი ძალების საოცარი რწმენით გავედით”, — თქვა მატჩის შემდეგ ბილიკმა.
ბელარუსიელთა მარჯვენა გარემარბმა მიკიტა ვაილუპოვმა 12 გოლი შეაგდო.
გერმანიამ კი ჩეხებს მშვიდად აჯობა (26:22) და 5-6 ადგილისთვის ითამაშებს. მისი მეტოქე პორტუგალია იქნება.
II ჯგუფში, პორტუგალიამ ევროზე კიდევ ერთი თამაშით დარჩენის უფლება უნგრეთის ძლევით მოიპოვა — 34:26. და ამ შედეგის წყალობით შვებით ამოისუნთქა… სლოვენიამ, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა ანუ ნახევარფინალშია. მოკლედ, სლოვენიელები ნახევარფინალში პორტუგალიელებმა გაიყვანეს, რადგან რომ წაეგოთ, უნგრელები მათ ქულებით გაუტოლდებოდნენ და პირად შეხვედრაში მოგების გამო თავზეც გადაახტებოდნენ.
თუმცა, მოდი, ისიც ვთქვათ, რომ პორტუგალია-უნგრეთის მატჩში მე-10 წუთიდან მოყოლებული მოვლენებს პორტუგალია აკონტროლებდა, ასე რომ, სლოვენიელებს დიდი სანერვიულოც არ ჰქონიათ. მათ ურჩევნიათ იმაზე იდარდონ, ნორვეგიამ 4 წამყვანი კაცი რომ დაასვენა და მაინც მოუგო: 33:30.
ამრიგად, ევრო 2020-ზე ნორვეგიაა ერთადერთი გუნდი, რომელმაც შვიდივე შეხვედრა მოიგო და დიდი შანსია შინ ცხრიდან ცხრა მოგებით დაბრუნდეს.
ხოლო, შეჯიბრების კიდევ ერთმა თანამასპინძელმა შვედეთმა ისლანდიას 32:25 აჯობა. ეს მთავარ რაუნდში შვედთა მეორე გამარჯვება იყო. მათ საბოლოო რეიტინგში მეშვიდე პოზიცია დაიბევეს.
I ჯგუფი: ესპანეთი 9 (+26), ხორვატია 9 (+14), გერმანია 6 (+16), ავსტრია 3 (-17), ბელარუსი 3 (-22), ჩეხეთი 0 (-17).
II ჯგუფი: ნორვეგია 10 (+22), სლოვენია 6 (+6), პორტუგალია 4 (+4), შვედეთი 4 (-2), უნგრეთი 4 (-14), ისლანდია 2 (-16).
5-6 ადგილები. 25.01.20 გერმანია – პორტუგალია
ნახევარფინალები. 24.01.20 ნორვეგია – ხორვატია; ესპანეთი – სლოვენია.
მატჩი მესამე ადგილისთვის. 25.01.20
ფინალი. 26.01.20