11 წლის შემდეგ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე მოსკოვის „სპარტაკს“ საბოლოოდ დაემშვიდობა.
27 წლის ფეხბურთელი რუსულ კლუბს, რომელთან ერთადაც რუსეთის ჩემპიონობაც იზეიმა და ჩემპიონთა ლიგაშიც ითამაშა, ემოციური წერილით დაემშვიდობა.
„დღეს, ურთიერთშეთანხმების შედეგად ჩემსა და „სპარტაკს“ შორის კონტრაქტი დასრულდა. შევთანხმდით, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა. მოხარული ვარ, რომ 11 წლის წინ, ჩემი და ამ შესანიშნავი კლუბის გზები გადაიკვეთა. წლების განმავლობაში, ცხოვრებასა და კარიერაში რთული პერიოდები მქონდა, მაგრამ „სპარტაკი“, რომელიც ჩემს სახლად იქცა, ამ პრობლემების დაძლევაში მეხმარებოდა. განსაცდელის ყველაზე რთულ დღეებში მხარდაჭერა სწორედ „სპარტაკისგან“ ვგრძნობდი, პირველ რიგში კლუბის ხელმძღვანელის ლეონიდ ფედუნისგან, ამის გამო მისი მადლიერი ვარ. მსურს ასევე მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ 11 წლის განმავლობაში მშვენიერ გარემოს ქმნიდა: ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, სამედიცინო და ტექნიკურ პერსონალს და ბაზის თანამშრომლებს. და რა თქმა უნდა, „სპარტაკის“ ქომაგებს თბილი დამოკიდებულებისთვის. დიახ, დღეს ჩვენი გზები გაიყარა, მაგრამ „სპარტაკი“ ყოველთვის ჩემს გულში დარჩება“,- დაწერა ჯანომ.