91:91 – ტაბლოზე ეს ანგარიში იყო დაფიქსირებული, ხოლო მატჩის დასრულებამდე 25 წამი რჩებოდა.

ვიწრო კი ისევ თორნიკე შენგელიამ გაწყვიტა. ქართველმა კალათბურთელმა, მადრიდში ბარსელონა გაიმეორა, ყველაზე ნერვულ და რთულ სიტუაციაში თამაში საკუთარ თავზე აიღო, ცრუ მოძრაობებით ფარქვეშ ისე შეიჭრა მეტოქეებს თავბრუ დაახვია და ისეთი ჩატენა კალათის ღერძი ლამის მოგლიჯა. ჩვენებურმა მალევე ორი საჯარიმო ტყორცნაც ზუსტად გამოიყენა.

ეპიზოდი მართლაც რომ ლამაზი სანახავი გამოდგა და რაც მთავარია „ბასკონიასთვის“ გამარჯვების მომტანი. ვიტორიელთა კაპიტანმა, ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურის მატჩში თავის გუნდს მადრიდში „რეალთან“ მოაგებინა – 95:94. ეს კი სახუმარო საქმე ნამდვილად არ გახლავთ. თოკოს გმირობა კი გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ამას წინათ ევროლიგაში „ბასკონიას“ მიერ „ბარსელონას“ დამარცხებას, სადაც ანალოგიურ ვითარებაში, ბოლო წამებზე შენგელიამ ეფექტური ჩატენვით მეტოქე დასცა.

მოგება მოგებად, მაგრამ ისიც ხაზგასასმელია, რომ თორნიკე შენგელიამ შეუცვლელად – 40 წუთს ითამაშა, რაც თანამედროვე კალათბურთისთვის და განსაკუთრებით ესპანეთის უძლიერესი ლიგისთვის, სადაც მიმდინარე სეზონში პირველ-მეორე ადგილზე სწორედ „რეალი“ და „ბარსელონა“ არიან, უშვიათესი ამბავია.

ბოლოს კი ისიც ვთქვათ, რომ თრნიკე შენგელიამ „რეალთან“ მატჩში ჯამში 16 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა, სატურნირო ცხრილში „ბასკონია“ მე-10 ადგილზეა და მომდევნო დაპირისპირება 26 იანვარს შინ „მორაბანკ ანდორასთან“ ელის.