ტოჩინოშინი დასავლეთის მე-6 მაეგაშირაა და ბალანსი მისი რეიტინგისთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებს. როცა ოძეკი იყო, მაშინ ოთხს წააგებდა თუ შვიდს, მნიშვნელობა არ ჰქონდა, ახლა ასეთი ფუფუნება აღარ გვაქვს – კაჩი-კოშის (დადებითი ბალანსი) შემთხვევაში წინ წაიწევს, მაკე-კოშის (უარყოფითი ბალანსი) დაქვეითდება, რაც მეტს წააგებს – მით უფრო.

ჰაცუ ბაშოს მეცხრე დღეს, ქართველი გოლიათი მისთვის უხერხულ მეტოქეს, ტამავაშის დაუპირისპირდა. ისინი ცხოვრებაში კარგი მეგობრები არიან, თუმცა დოჰიოზე ერთმანეთი დაუსისხლიანებიათ კიდეც.

საბედნიეროდ, მათი ოცდამეათე შერკინება ტოჩინოშინის სასარგებლოდ დასრულდა. ურთიერთშეხვედრებში ისედაც უგებდა – 18:11, თუმცა 19 უკეთ იკითხება, 20 კი სულ სხვა სანახავი იქნება…

ჩვენებურმა მეტოქეს აგრესიული ოში-ძუმო (დისტანციაზე ბრძოლა) შესთავაზა, ტამავაში დაიბნა, შემდეგ ლევანმა ჰიდარი-უვატე (მარცხენა ხელით მავაში აიღო) და ეს უკვე შერკინებაში გამარჯვებულის გამოვლენის ტოლფასი იყო. ქართველმა იორიკის კიმარიტეთი (ილეთით) გაიმარჯვა.

ხვალ ქართველი აღმოსავლეთის სეკივაკე ასანოიამას შეხვდა. ეს ის ბიჭია, უკვე ჩემპიონობაზე რომ ვფიქრობდით და გამარჯვება წაგვართვეს. მაშინ, სუმოში იშვიათი მოვლენა დაფიქსირდა, ამ სპორტის მამებმა ბოდიშის მოხდის ტოლფასი სიტყვები წარმოთქვეს. ასანოიამას ბრალი იქ არაფერი იყო და, იმედი დავიტოვოთ, რომ ასეთი შეცდომები აღარ განმეორდება…