ბელარუსმა ჩეხეთს დაძაბულ ბრძოლაში 28:25 მოუგო და ეგრეთწოდებულ ფინალურ უქმეებზე მოხვედრის შანსს ინარჩუნებს. ფინალურ უქმეებს ხელბურთელ კაცთა ევრო 2020-ზე ფინალსა და მესამე ადგილისთვის მატჩებს უწოდებენ. შეგახსენებთ, რომ შეჯიბრებას უკვე ათი დღეა სამი ქვეყანა — შვედეთი, ნორვეგია და ავსტრია — მასპინძლობს.
მთავარი ეტაპის I ჯგუფელებმა, ბელარუსმა და ჩეხეთმა იცოდნენ, რომ წაგების შემთხვევაში სტოკჰოლმში ვერ გაემგზავრებოდნენ და ამიტომაც იყო, მატჩის მსველობისას სამგოლიან უპირატესობას ვერც ერთი რომ აცდა და ვერც მეორე.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ წაგებული გუნდის კაპიტანი და გამთამაშებელი ონდრეი ზდრაჰალა დაასახელეს, რომელმაც თქვა: „ეს იყო ჩვენი უარესი თამაში. არ იფიქროთ, რომ ასეთი ხელბურთი გვიყვარს“.
მოქმედმა ჩემპიონმა, ესპანეთმა კი, მასპინძელ ავსტრიას 30:26 აჯობა და ნახევარფინალამდე ერთი ქულაღა აკლია, მაგრამ საამისოდ დიდი ბრძოლისა და ნერვიულობის გადატანა მოუხდა. ხსენებული ქულა ესპანელებმა ან ბელარუსთან უნდა მოიპოვონ ან ხორვატიასთან. თუ ამას შეძლებენ, ისტორიაში მეცხრედ, ზედიზედ კი მეხუთედ მოხვდებიან ნახევარფინალში.
ავსტრიასთან გამარჯვება ესპანეთისთვის მიმდინარე ევროზე ჩატარებული ხუთი მატჩიდან მეხუთე იყო.
ვენის „შტადტჰალეში“ ნემსი ვერ ჩავარდებოდა. იქ შეკრებილმა მაყურებელმა იხილა საოცრად სწრაფი პირველი ტაიმი, რომელშიც 33 გოლი გავიდა — 17:16 იბერიელთა სასარგებლოდ. შესვენებამდე შვიდჯერ შეიცვალა ლიდერი — ხან ერთი იყო წინ და ხან მეორე. შესვენებამდევე მოასწრო ლუკას ჰერბურგერმა რაულ ენტრერიოსის წინააღმდეგ წესის დარღვევისთვის პირდაპირი წითლის მიღება.
შესვენების შემდეგ ჯერაც ჩემპიონთა მარცხენა ინსაიდმა ხორხე მაკედამ, რომელსაც მეტსახელად „მანქანას“ ეძახიან, თავისი ძრავა ახალ სიმძლავრეზე გადართო და გუნდი წინ გაიყვანა — 23:19, მაგრამ ტრიბუნების გამხნევებულმა ავსტრიამ იოლად არ დათმო.
მატჩის ბედი მაშინ გადაწყდა, როდესაც მაკედამ თავისი მეექვსე გოლი გაიტანა და საფინალო სირენამდე 7 წუთით ადრე ანგარიში 27:22 გახადა.
ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი ხორდი რიბერა: „პირველი ტაიმი ორივე გუნდისთვის გიჟური იყო. პირველი ტაიმი ერთი გოლით რომ მოვიგეთ, გაგვიმართლა. დაცვაში ძალიან გაგვიჭირდა. ვფიქრობ, ავსტრიელებს ბევრი გოლი მარტივად გავატანინეთ.
მეორე ტაიმი კი განსხვავდებოდა. თამაშის რიტმი ვიპოვნეთ. დაცვაში 5-1 ტაქტიკამ გაამართლა და შეტევაც უკეთ წავიდა. ბედნიერი ვარ ორი უმნიშვნელოვანესი ქულა რომ მოვიპოვეთ“.
ხორვატიამ კი გერმანელებთან შეხვედრაში ხუთგოლიანი ჩამორჩენა ამოქაჩა, ერთი გოლით მოიგო (25:24) და ფინალურ უქმეებზე საქმე გამოიჩინა — ნახევარფინალშია.
ესპანეთის მსგავსად, ხორვატთათვის, თუ წინასწარი ეტაპიდან დავთვლით, ეს მოგება ხუთი თამაშიდან მეხუთე იყო.
ხორვატიის ნაკრების მწვრთნელი ლინო ჩერვარი: „პირველ ტაიმში გერმანიამ გვაჯობა. შეტევაში სწორ გადაწყვეტილებებს ვერ ვიღებდით. მეორე ტაიმში კი მტკიცე ხასიათი გამოვავლინეთ და მისი წყალობით გავიმარჯვეთ“.