მოვედით. ახლა კი ნამდვილად დეპოში ვართ…

არადა, ჩვენივე ბრალია. ზოგჯერ თვალი წავუხუჭეთ, ზოგჯერ აშკარად წაგვთვლიმა, არც მემანქანის შეწუხება ვინდომეთ და, აჰა!

რატომ იგავ-არაკებით? სათქმელი პირდაპირ უნდა ითქვას: გუშინ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ სპორტულ მედიაზე ფეხი შეიწმინდა. ავლაბრის რეზოდენციაში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს საუკეთესო სპორტსმენს ასახელებდნენ და… სპორტული ჟურნალისტებისთვის ადგილი არ დარჩა. თურმე ნუ იტყვით და დარბაზში ას კაცს მოუყრია თავი. ჰოდა აბა, დიდ სპორტსმენებთან სასელფაოდ წამოყვანილ ცოლ-შვილ-ახლობლებს ხომ არ დატოვებდნენ გარეთ?! დროის სატარებლად ახლობელ-მეგობრებიც ხომ უნდა დაეპატიჟებინათ, ისეთები სპორტს ცალი თვალით რომ უყურებენ და ზოგიერთ სახეობაზე წარმოდგენაც არ აქვთ?!

უპასუხოდ ბევრი კითხვა დარჩა. რისთვის და ვისთვის დახარჯეთ ძალიან ბევრი ათასი? საქართველომ არ უნდა იცოდეს მისი გმირების ვინაობა? და ვინ უნდა იყოს შუამავალი თქვენსა და საზოგადოებას შორის თუ არა მედია?

ეს შეცდომა არ ყოფილა: უცოდინრობა, არაპროფესიონალიზმი და სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე გამართული რაღაც სალონური თავყრილობა იყო. თურმე ნუ იტყვით და საუკეთესო სპორტსმენიც ვერ დაუსახელებიათ. ეს ხომ საქართველოა, სადაც მთავარი ჯიგრობაა და არავისი წყენინება არ შეიძლება. ჰოდა, ყველა ნომინანტი საუკეთესოდ გამოაცხადეს – მგონი, ექვსი.

ასე არ შეიძლება, ბატონებო. ამდენი რაღაცის პატრონობას რომ შეეჭიდებით და გაზუთხული ფრაზების იქეთ ვერ მიდის საზოგადოებასთან თქვენი ურთიერთობა. იქნებ აგვიხსნათ, რა მოხდა კალათბურთის ევროპირველობის თანამასპინძლობის საქმეში? ვინ მოინდომა საერთაშორისო ფედერაციის გადაგდება და დაპირებული ახალი დარბაზის ნაცვლად ძველის რემონტით იოლად გამოსვლა? თქვენ ესენი და ამგვარები გვითხარით, თორემ ლაშა ტალახაძე თქვენთან სელფის გარეშეც იჩემპიონებს.

თუ ეს ნაუცბათევი საყვედური გემწუხრათ, მიზანში მოგვირტყამს. ეგებ დაეშვათ ოლიმპოდან და ბოდიში მოგზავნილი მეგობრებით კი არ შემოთვალოთ, ღიად და პირველი პირების დონეზე მოიხადოთ…

არადა, არც მაგით დაგვაკლდება ბევრი. ჩვენი 20, 30, 40-წლიანი მუშაობის მანძილზე წასულ-წამოსული ჩინოვნიკების მეტი რა გვინახავს.

ჩვენ და ქართული სპორტი კი ისევ აქ ვართ.