ფლეი ოფი ორი თამაშისგან შედგება, ორი თამაში კი ოთხი ტაიმია. საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ფინელებს თბილისსა და რიიჰიმიაკიში სამი ტაიმის განმავლობაში თანაბრად დაუდგა, მეოთხეში კი, სამწუხაროდ ჩვენს გუნდს დაუდგა ყველაფერი ყირაზე. მიზეზს, რასაკვირველია მშვიდად გამოკვლევა სჭირდება, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ამ ეტაპზე თავს ზევით ძალა აღარ იყო. ასეა თუ ისე, ფლეი-ოფამდე მოსასვლელად ქართველებს მთელი წლის განმავლობაში ბევრი საინტერესო თავგადასავალი გადახდათ. მათ შორისაა ზაფხულში, თბილისში, მსოფლიოს ერთა ჩემპიონატში გამარჯვებაც.

ალბათ, მიხვდით, ვცდილობთ გული გავიკეთოთ და მომავალს მაინც იმედით შევხედოთ, საამისო საბაბს კი ჩვენი გუნდის ახალგაზრდული ასაკი და უცხოურ, მათ შორის ფრანგულ, უნგრულ თუ პორტუგალიურ კლუბებში გადასული ბიჭების ნიჭი გვაძლევს, თორემ ფინეთთან ნათამაშები მეოთხე ტაიმის გახსენება, რომ ძალიან უსიამოვნოა, ამას რად უნდა ლაპარაკი.

საქართველოს და ფინეთის თბილისური შეხვედრის ანგარიში იყო 24:24. საპასუხო მატჩის პირველი ტაიმი დამთავრდა 14:12 ფინელების სასარგებლოდ, აი, მატჩის საბოლოო ანგარიში კი 37:21 გამოვიდა.

ქართველები ერთხელაც ვერ გავიდნენ წინ.

საქართველოს ეროვნულ გუნდს რიიჰიმიაკიში ხაზის მოთამაშეები ერეკლე არსენაშვილი და უჩა მაისურაძე დააკლდნენ. შესაბამისად პივოტის ამპლუისა მხოლოდ გიორგი მიქავა დარჩა. ამას შეუძლებელია თამაშისთვის დაღი არ დაესვა, მითუფრო, რომ პორტუგალიური „ბრაგას” წევრი არსენაშვილი პირველ შეხვედრაშიც გამოირჩეოდა და ზოგადადაც იმ მოთამაშეთაგანია, რომლის ბეჭებზეც სხვებთან ერთად ქართული ხელბურთის ხვალინდელმა დღემ უნდა გადაიაროს.

თამაში იმით დაიწყო, რომ ვეტერანმა მეკარემ შოთა თევზაძემ ზედიზედ ორი დარტყმული მოიგერია. სულ, თევზაძეს 7 მოგერიება დავუთვალეთ, რაც კარგი შედეგია თუკი… მეტოქეს თანაბრად ეთამაშები. ასეთ შემთხვევაში შვიდმა მოგერიებამ შეიძლება მატჩის ბედი გადაწყვიტოს, მაგრამ როცა გუნდი აირევა…

მეორე გოლკოპერს, ზურაბ ცინცაძეს კი უკვე ცუდ დროს მოუწია მოედანზე შესვლა და ამის მიუხედავად მაინც მოახერხა რამდენიმე დარტყმის მოგერიება.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, პირველი ტაიმი ფინელებმა 2 გოლით მოიგეს. ეს სხვაობა ორ ეპიზოდს თუ არ ჩავთვლით (როდესაც სხვაობა 3 გოლამდე გაიზარდა), კარგა ხანს მაქსიმალური იყო ფინელთა სასარგებლოდ — ისინი 13-ჯერ დაწინაურდნენ ასე, მაგრამ ქართველები ჩამორჩენას ამცირებდნენ, სანამ… მეორე ნახევარში ანგარიშმა მასპინძელთა სასარგებლოდ ზრდა არ დაიწყო.

საქართველოს ნაკრებიდან ზუსტი დარტყმებით ყველაზე მეტად ინსაიდები, თემურ ორჯონიკიძე და გიორგი ცხოვრებაძე გამოირჩნენ. მათ 7-7 გოლი გაიტანეს.

და ენა არ მოგვიბრუნდება რომელიმე ქართველ ხელბურთელზე ვთქვათ, თამაშში მთელი გული არ ჩადოო, მაგრამ… როგორც ზემოთ რამდენჯერმე ავღნიშნეთ, ნიკოლა მაქსიმოვიჩის გუნდში მეორე ტაიმის მე-3 წუთიდან რაღაც მოიშალა და თამაშის ბედიც მას მერე გადაწყდა. ოღონდ კერძოდ რა მოიშალა, ამაზე სპეციალისტები დაწყნარებულ გულზე უკეთ ილაპარაკებენ.

საქართველომ მეორე ნახევრის 25-ე წუთიდან უბრალოდ გოლი ვეღარ შეაგდო… ბოლო წამამდე. თუ ამით დამშვიდება შეიძლება, ბოლო გოლი ჩვენი იყო.