ლეგენდარული მეჯიკ ჯონსონის სახელი არა მხოლოდ კალათბურთის, ზოგადად სპორტის ქომაგების მეხსიერებიდან, ალბათ, არასოდეს წაიშლება. დიდებული ამერიკელი კალათბურთელი, თავისი არაჩვეულებრივი კარიერის განმავლობაში, მილიონობით ქომაგს აღაფრთოვანებდა, პარკეტზე სასწაულებს სჩადიოდა და არაერთი რეკორდიც დაუმყარებია, რომელთაგან ერთ-ერთი უკვე მოხსნილია.

მაგალითად, 1981 წელს, ჯონსონის დაფიქსირებული მიღწევა წარსულს ლუკა დონჩიჩმა ჩააბარა. სლოვენიელ კალათბურთელს წარდგენა არ უნდა ესაჭიროებოდეს. ამომავალი კი არა, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ უკვე შემდგარი ვარსკვლავი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მეორე წელია თამაშობს და „დალას მავერიქსის“ სული და გულია, არადა, ჯერ მხოლოდ 20 წლისაა.

რეკორდიც სწორედ ასაკს უკავშირდება. ნბა-ს მორიგ ტურში დალასელებმა სტუმრად „საკრამენტო“ დაიბრიყვეს ( 127:123), ხოლო დონჩიჩმა სამმაგი დუბლი შეასრულა. სლოვენიელის ანგარიშზე 25 ქულა, 15 მოხსნა და 17 შედეგიანი გადაცემა გახლდათ. ამ მაჩვენებლით კი მან სწორედ მეჯიკ ჯონსონის რეკორდი გააუმჯობესა და შეიქნა ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი, რომელმაც სამმაგი დუბლი გაახერხა. 39 წლის წინ, ჯონსონმა იგივეს გაკეთება 21 წლისამ შეძლო.

ბოლოს კი ისიც ვთქვათ, რომ ლუკა დონჩიჩმა ოკეანისგაღმა გადაბარგებამდე მადრიდის „რეალის“ რიგებში ევროლიგა მოიგო.