1 თებერვალს, „დინამო არენაზე“ რუმინეთის ნაკრებთან მატჩით, საქართველოს ეროვნული ნაკრები „რაგბი ევროპის“ 2020 წლის ჩემპიონატში ჩაებმება.
რაღა დარჩა – ორ კვირაზე ოდნავ მეტი, მაგრამ ბორჯღალოსნებს მსოფლიო თასის დასრულებიდან მოყოლებული, უმწვრთნელოდ უწევთ არსებობა. „მუხების“ დასახვედრად გუნდს ლევან მაისაშვილი მოამზადებს – ნაკრების ყოფილი დამრიგებლის, მილტონ ჰეიგის ასისტენტი და გუნდის დაცვის მწვრთნელი.
მაგრამ ყველას გვაინტერესებდა, თუ ვინ ჩაიბარებს ნაკრებს სრულფასოვნად – კონტრაქტითა და მომავალ მსოფლიო თასზე სათამაშოდ. მთელი ეს პერიოდი არ წყდებოდა საუბრები, უფრო კი ჭორები ამა თუ იმ კანდიდატურის შესახებ, მაგრამ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე ამ საკითხის განხილვის ვადებად საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ პერიოდს ასახელებდა და ამას ლოგიკურადაც განმარტავდა.
„ნაკრების მთავარი მწვრთნელის შედეგებზე და წარმატება-წარუმატებლობაზე კავშირის იმ ხელმძღვანელობამ უნდა აგოს პასუხი, ვისი მმართველობის დროსაც ამ კონკრეტულმა მწვრთნელმა ნაკრების საჭე ჩაიბარა. ახლა ვინმე რომ მოვიყვანო და ნაკრები ჩავაბარო და კავშირში არჩევნების შედეგად გუნდი შეიცვალოს – ეს ხომ უსამართლობა იქნებოდა?“ – ამბობდა გოჩა სვანიძე.
ახლა კი არჩევნების თარიღიც ცნობილია – 30 იანვარი, და მისი სავარაუდო მონაწილეებიც. სავარაუდო – იმიტომ, რომ ოფიციალურად და სახალხოდ განაცხადი მხოლოდ თავად სვანიძეს გაუკეთებია, თორემ კავშირის მაღალი მიღწევების ყოფილ მენეჯერ ბაჩო ხურციძესა და ბორჯღალოსანთა ექს-კაპიტანსა და ამჟამად საქართველოს პარლამენტის წევრ ირაკლი აბუსერიძეს მხოლოდ პრეზიდენტობის სურვილი აქვთ დაფიქსირებული. ყოველ შემთხვევაში, რაგბის კავშირს ამაზე არანაირი ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია.
და რად გვინდოდა ისეთი შესავალი, რომლის დეტალებიც მკითხველმა ისეც იცის? იმად, რომ ამ დღეებში ინფორმაციამ მაინც გამოჟონა და ითქვა, რომ ნაკრებს სათავეში სამხრეთაფრიკელი სპეციალისტი სვის დე ბროინი ჩაუდგება.
ვინაა სვის დე ბროინი? ესაა 59 წლის სარაგბო მწვრთნელი, რომელსაც გამოცდილება სამხრეთ აფრიკის სხვადასხვა დონის კლუბებსა და ნაკრებებში აქვს დაგროვრბული. ამ კაცს სამშობლოს მიღმა არასდროს უმუშავია და თუ გოჩა სვანიძე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი მომავალი 4 წლითაც გახდება, ზახარია ფრანსუა დე ბროინი (ესაა მისი სრული სახელი) ჩვენს ნაკრებს იგივე ვადით ჩაიბარებს.
ბოლოს კის დავძენთ, რომ სვის დე ბროინის ბოლო სამუშაო ადგილი სამხრეთ აფრიკის ეროვნული ნაკრებია, რომელშიც მას გუნდის შეტევის გაწვრთნა ევალებოდა. მართალია, ზედ მსოფლიო თასის დაწყების წინ მან პირადი მიზეზებით თანამდებობა დატოვა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ მისი აწყობილი ქურციკთა შერკინების შემჩერებელი დუნიაზე ვერ მოიძებნა. ვფიქრობ, ეს ისაა, ვინც გვჭირდება…