ხელბურთელ კაცთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც შვედეთს, ავსტრიასა და ნორვეგიაში მიმდინარეობს, ერთ-ერთმა თანამასპინძელმა, ავსტრიამ, B ჯგუფში მესამე თამაშიც მოიგო და მთავარ რაუნდში გადავიდა. ავსტრიელთა მეტოქე იყო მაკედონია. ანგარიში – 32:28.

საინტერესოა, რომ ადრე ავსტრია სამი მოგებით მთავარ რაუნდში არ გადასულა, ხოლო მაკედონია წინასწარ ჯგუფურ ეტაპზე პირველად ჩარჩა.

შეხვედრის გმირი გახლდათ ავსტრიის ნაკრების მეკარე თომას აიხენბერგერი, რომელმაც 15 დარტყმა (მის კარში ნასროლთა 41%) მოიგერია. მატჩის ერთ ეპიზოდში მასპინძლები 10 ბურთითაც კი იგებდნენ.

ამავე ჯგუფში თავი გამოიჩინა კიდევ ერთმა მეკარემ, მარტინ გალიამ (10 მოგერიება; 37%), რომელიც ჩეხეთის ნაკრების კარს იცავს და რომლის დამსახურებითაც მისმა გუნდმა ვენაში უკრაინას 23:19 მოუგო. ეს იყო გალიას ზედიზედ მეორე გაბრწყინება (ის წინა ტურში, მაკედონიასთან, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს) და იმაში, რომ ჩეხეთი B ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა, ლომის წილი მისია.

ამრიგად, ჩეხეთი მთავარ ეტაპზე გადავიდა, უკრაინამ კი რაც ევროებზე გამოდის, უკვე ზედიზედ მეცხრე თამაში წააგო.

D ჯგუფში ჯერ უიმედოდ დარჩენილი გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს: საფრანგეთმა ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ნაკრებს მოუგო 31:23. ამ მატჩში ფრანგთა ამოცანა გახლდათ, რამენაირად შეემსუბუქებინათ 1978 წლის შემდეგ საწყისი ეტაპიდან პირველად გამოვარდნის სიმწარე, ბოსნიელთა და ჰერცეგოვინელთა სურვილი კი მათი ხელბურთის ისტორიაში პირველ ევროზე პირველი გამარჯვება იყო.

რაც შეეხებათ ნორვეგიას და პორტუგალიას, მართალია მთავარ ეტაპზე გასვლა ორი ტურის შემდეგვე ჰქონდათ გარანტირებული, მაგრამ მათი შეხვედრა წინასწარი რაუნდიდან ორი ქულის წაყოლებისთვის იყო მნიშვნელოვანი. ამ დღემდე, პორტუგალიას ნორვეგიისთვის სამჯერ ჰქონდა მოგებული, ხოლო ნორვეგიას პორტუგალიისთვის ორჯერ. გუშინ საერთო ანგარიში გათანაბრდა — ჩრდილოელებმა 34:28 გაიმარჯვეს.

აღსანიშნავია, რომ თამაში ტრონდჰეიმში ჩატარდა ანუ ნორვეგიის ნაკრები თავისი გულშემატკივრის შეძახილებითაც იყო შთაგონებული.

მარცხენა გარემარბი, მაგნუს იონდალი: „როდესაც გულშემატკივარი ასე გიჭერს მხარს, დამარცხება შეუძლებელია. მადლობა ტრონდჰეიმელებს, გული გვწყდება აქედან რომ მივდივართ, მაგრამ მეორე მხრივ ეს იმას ნიშნავს, რომ მთავარ რაუნდში გავედით”.

მწვრთნელი კრისტიან ბერგი: „ამ ბოლოხანს პორტუგალიის დონის გუნდთან არ გვითამაშია. ამას გულწრფელად ვამბობ. სულ რომ არაფერი მეთქვა, ფრანგებს მოუგეს და მარტო ეს შედეგი მეტყველებს მათ ოსტატობაზე”.

F ჯგუფში სლოვენიამ შვეიცარიას აჯობა 29:25, ევროპის ჩემპიონატის ოფიციალურმა საიტმა კი დაწერა, რომ თუ ბალკანელები ასე განაგრძობენ, დიდი შანსია ჩემპიონატის მთავარი სენსაციაც მოახდინონ. სლოვენიელებმა ზედიზედ მესამედ გაიმარჯვეს და მთავარ რაუნდში ითამაშებენ.

შვეიცარია ჯგუფში ჩარჩა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სლოვენიელი მეკარე კლემენ ფერლინი დაასახელეს.

გეტებორგში, შვედეთმა პოლონეთს მოუგო, რასაც ყველა ელოდა (28:26), მაგრამ „სკანდინავიუმ არენაზე” შეკრებილმა გულშემატკივარმა არ დამალა, რომ თავისი გუნდისგან მეტის ნახვა სურს.

 

 

 

 

წილი
წინა სტატიამელბურნი უკან დარჩა…
შემდეგი სტატიაამწე
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.