ვეღარ გაიმეორა. შარშანდელი ამერიკული ზღაპარი ავსტრალიაში ოცნებად დარჩა.
მარიამ ბოლქვაძეზე მოგახსენებთ, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერზე, რომელზეც თებერვლის დასაწყისში, ტალინში გასამართ ფედერაციის თასზე ბევრი იქნება დამოკიდებული და ვიმედოვნებთ, რომ ეროვნულ გუნდს დიდ სამსახურს გაუწევს.

ხოლო მანამდე იყო მელბურნი და წლის პირველი დიდი სლემის ტურნირი, სადაც ჩვენებური მეჩოგნე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო და სამწუხაროდ ყველაფერი მალევე დასრულდა. ახალგაზრდა ბათუმელმა ჩოგბურთელმა, 2019 წლის ამერიკის ღია პირველობაზე თამასა საკმაოდ მაღლა ასწია, საკვალიფიკაციო ეტაპის 3 წრე წარმატებით გადალახა, ესეც არ იკმარა და ძირითად ბადეში სასტარტო მატჩიც მოიგო და მხოლოდ მსოფლიოს მეორე ჩოგან ჩეხ კაროლინა პლიშკოვასთან წააგო. ამიტომაც, გვქონდა მოლოდინი, რომ მარიამ ბოლქვაძე მწვანე კონტინენტზეც დამაჯერებლად იასპარეზებდა, მაგრამ აღარ გამოუვიდა.

ქართველი ჩოგბურთელისთვის კაროლინ დოლეიდეს ბარიერი გადაულახავი გამოდგა. ამერიკელმა, რომელიც რეიტინგის 141-ე ნომერია ბოლქვაძეს საკმაოდ მარტივად, ორ სეტში 6:3, 6:2 აჯობა.

რაც შეეხება ეკატერინე გორგოძეს, ის საკვალიფიკაციო ეტაპის სასტარტო მატჩს კაია იუვანთან ითამაშებს. რეიტინგის მიხედვით წყვილის ფავორიტი სლოვენიელი მეჩოგნეა, რომელიც 126-ე პოზიციაზეა, ჩვენებური კი 199-ე.

ავსტრალიის ღია პირველობის ძირითადი ბადის მატჩები 20 იანვარს დაიწყება.