საქართველომ იტალიას იტალიაში მოუგო! ეს ნეაპოლის მახლობლად, ბენევენტოში მოხდა, კაც ხელბურთელთა მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევ შეჯიბრებაში. შეხვედრა, რომელშიც მეორე ტაიმის ერთი ეპიზოდის გარდა სულ საქართველო იგებდა, დამთავრდა 28:25.
და ვინაიდან ყველაზე დრამატული სწორედ ეს მონაკვეთი იყო, ყურადღება მასზე გავამახვილოთ. პირველი ტაიმი (რომელშიც სხვაობა, როგორც იტალიის ხელბურთის ფედერაციის საიტმა უწოდა „ირაკლი ჩიქოვანისა და კომპანიის” სასარგებლოდ ხუთ ბურთამდეც კი ადიოდა) საქართველომ ორბურთიანი უპირატესობით მოიგო — 13:11. შესვენების შემდეგ ეს მეტობა ორჯერ სამამდეც გაიზარდა, მაგრამ იტალიელები მას ამცირებდნენ. აი, შემდეგ კი ნიკოლა მაქსიმოვიჩის გუნდმა იყოჩაღა, ანგარიში 18:14 გახადა და თითქოს ხიფათიც აღარსაიდან უნდა გამოჩენილიყო, რომ… იტალია 4:0 გაიქცა. შესაბამისად, საფინალო სირენამდე 17 წუთით ადრე, ანგარიში გახდა 18:18.
მომდევნო შვიდწუთიან პერიოდში საქართველო კიდევ ორჯერ გავიდა წინ, მაგრამ ტურნირის მასპინძლებმა გაქვითეს და თამაშის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე წინაც გავიდნენ — 21:20.
აი, ეს გახლდათ ის ეპიზოდი, როდესაც იტალიელებმა დაწინაურება შეძლეს, შემდეგ კი ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდა, საქართველო წინ გავიდა (23:22) და საბოლოოდ სამქულიანი სხვაობით გაიმარჯვა.
რა გაირკვა ამ შეხვედრის შედეგად? ის, რომ III შესარჩევ ჯგუფში რუმინეთი გაიმარჯვებს და მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრად გააგრძელებს ბრძოლას.
დღეს იტალიამ რუმინელებს რომც მოუგოს, იმის გამო, რომ პირველ ტურში კოსოვოსთან ფრედ 26:26 ითამაშა, ვერ დაეწევა. კოსოვოსთან საქართველოს გამარჯვების შემთხვევაში კი, რუმინელებსა და ქართველებს ქულათა თანაბარი რაოდენობა დაუგროვდებათ, ოღონდ რუმინეთს საქართველოსთვის მოგებული აქვს 29:24, დებულების თანახმად კი უპირატესობას სწორედ პირად შეხვედრებს ანიჭებენ.
თუ ამ საღამოს რუმინეთი იტალიასაც მოუგებს, მაშინ დასათვლელიც აღარაფერი იქნება.
და მაინც, იტალიასთან მოგება საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან ის გუნდის განწყობაზეც დადებითად იმოქმედებს და ვარჯიშადაც ჩინებული გამოდგა. ხუთშაბათს, 16 იანვარს, საღამოს 19 საათზე თბილისის სპორტის სასახლეში ევროპის 2022-ის შესარჩევის ფლეი-ოფია: საქართველო-ფინეთი. საპასუხო თამაში 19 იანვარს ფინეთში გაიმართება.
თუ საქართველო ფინეთის ბარიერს გადალახავს, ის მოხვდება მთავარ შესარჩევ ციკლში, სადაც ევროპის და შესაბამისად მსოფლიოს უძლიერესი 32 გუნდი შეიყრება, ჯგუფებად დანაწილდება და ფინალური ეტაპის 20(!) საგზურს გაითამაშებს.