რის გამო ვილაპარაკოთ? რა მოგითხროთ ამ გაქანებული ქეიფების შემდეგ?

მოდით, ვთქვათ, კაცის მოსვლასა და წასვლაზე – ახალი წლის ყველაზე მეტად ხმაურიან ამბავზე.

ევროპაშიც გვარიანად მოულხინეს ამ უქმეებზე. პრინციპში, იქ მოულხინეს, თუ მოულხინეს. ფეხბურთელებს ღიპები დაედოთ. გერმანელებმა თითქოს სამუდამოდ შეწყვიტეს თამაში. ევროპის საშუალო გუნდები თბილ კუნძულებზე გაიკრიფნენ უჯიგრო ტურნირების სათამაშოდ. იტალიელებმა და ესპანელებმა მხოლოდ გასულ კვირას განაახლეს ჭიდილი.

ახირებული ინგლისელები კი, ტრადიციულად, პირიქით მოიქცნენ – ათ დღეში ოთხი ტური და ერთი სათასო რაუნდი გაითამაშეს. თუმცა, მოყინულ მინდვრებს ვერაფერი მოუხერხეს და ცხრილი ისე აერიათ, რომ თვით გრემ კელიც ვერ დაალაგებს გაზაფხულამდე.

საშობაო პრემიერლიგაში მოულოდნელობები მრავლად იყო, მაგრამ მთავარი საფეხბურთო ამბავი მაინც მოედნის გარეთ, ოფისში მოხდა.

ორი დღის წინათ მსოფლიოს სპორტული ტელეარხები განუწყვეტლივ იმეორებდნენ ოთხწუთიან სიუჟეტს, ეკრანზე ჩანდა შავ-თეთრ სპორტულ ქურთუკში გამოხვეული დაბალი კაცი, მოწყენილი თვალებით.

დიახ, კევინ კიგანი წავიდა ტინსაიდელთა გუნდიდან. დაბნეული ფილიპ ალბერი ისე ბლუკუნებდა კამერების წინ, რომ მგონი, ვერაკაცმა ვერ გაიგო მისი ნალაპარაკევი. ბელგიელი ფეხბურთელი რომ სწუხდა, მისი გამომეტყველებით თუ მიხვდებოდი. ტრიბუნებზე შეკრებილი ფანები გულისმომკვლელად ვიშვიშებდნენ და პლაკატებით შესთხოვდნენ კევინს, გეხვეწებით, ნუ წახვალო.

მაგრამ ჰა, წილი ნაყარია.

კევინ კიგანი, წარსულის დიადი ფეხბურთელი ის კაცი იყო, ოდესღაც, ერკიულ პუაროს დროში გაჩემპიონებულ „ნიუკასლ იუნაიტედს“ იმედი რომ დაუბრუნა. ნიუკასლამდე კიგანი არ ყოფილა მენეჯერი, თუ არ ჩავთვლით მოთამაშე-მწვრთნელობის ხანმოკლე ეტაპს სამხრეთ ინგლისის ქალაქებში. ნიუკასლში მოსული კი მალევე მოექცა ყურადღების ცენტრში – გუნდი ამოსწია და მადა გაუჩინა. ბოლო ორ წელიწადში კიგანი ღიად აცხადებდა, რომ ლიგის ჩემპიონობა უნდა მოეგო.

ამის საფუძველი არსებობდა – „ნიუკასლის“ მეპატრონე სერ ჯონ ჰოლი არაფერზე ამბობდა უარს.

„ნიუკასლი“ ვერ გახდა ჩემპიონი. წელს კი, კვლავ საჩემპიონოდ განწყობილი, კვლავ ჩამოვარდა იშკილებიდან.

რატომ წავიდა კიგანი?

მან შექმნა ღია, შემტევი გუნდი. მას ჰყავს უძლიერესი თავდამსხმელები, ჰყავს საუცხოო ჟინოლა და საერთოდ, ყოველი ფეხბურთელი „ნიუკასლში“ პიროვნებაა. კიგანს არაფერზე ეუბნებიან უარს, არც კლუბი, არც ფანები. მთელი ქალაქი აღმერთებს და იმედოვნებს, რომ 70 წლის თავზე გუნდი ტიტულს დაიბრუნებს…

და კიგანი მიდის, შუა სეზონში.

ახირებები ყველა მწვრთნელსა აქვს – მათ შორის კიგანსაც, შარშან კევინი შუა სეზონში შეელია ენდი კოულს, რომელიც მთავარ კონკურენტს, ალექს ფერგიუსონს მიჰყიდა. ალბათ, ეს ახირებაა – კიგანმა დაარწმუნა ფანები, რომ კოულის გარეშეც მოიგებდა ტიტულს.

მაგრამ მხოლოდ ახირებით გადადგომას ვერ ახსნი.

ინგლისურ ფეხბურთში დღეს სხვა დროა, მწვრთნელობაც კი დიდი რეფორმაციის წინაშე დგას, ჰოდლი, ვენგერი და გულიტი ის ხალხია, ინგლისური თამაშის ახალი ფერებით გამდიდრებას რომ ესწრაფვიან. ეგებ კიგანმა დაინახა, რომ თვითონ ამ ხალხს შორის არ არის? ეგებ კიგანმა დაინახა, რომ მისი ნიუკასლი კარგი გუნდია და ვარსკვლავთა სიჭარბის მიუხედავად ყოველთვის ასეთი იქნება?

კარგი გუნდი! ჰმ! კევინ კიგანი და კარგი გუნდი. განა ეს საკმარისია?

ეგებ კევინმა უთხრა საკუთარ თავს:

„მე ასე ვხედავ ფეხბურთს უფრო უკეთესს, უფრო დიდს, უფრო ღრმასა და ლამაზს. მე ვერ გავაკეთებ, არადა, ამის გაკეთება აუცილებელია“.

და, წავიდა.

11.01.1997

წილი
წინა სტატიალებრონმა ჯორდანი უკან მოიტოვა
შემდეგი სტატიაჩვენი ხავი ჩვენთან
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.