„ბარსელონას” „ატლეტიკოსთან” ცუდად არ უთამაშია, მაგრამ მაინც დამარცხდაო, ასე წერს თავად კატალონიური პრესა. მადრიდელებს კი ყოჩაღ! მართალია, მეორე ტაიმის მეოცე წამზე კოკეს დარტყმით ანგარიში გახსნენს, მაგრამ შემდეგ ორი გაუშვეს — ლეო მესიმ და ანტუან გრიზმანმა გაუტანეს; 62-ე წუთზე „ბარსასთან” ჩამორჩენა კი შემოსატრიალებლად ურთულესი საქმეა. ამის მიუხედავად „ატლეტიკო” არ დანებდა: 81-ე წუთზე მორატამ პენალტი გაიტანა, ხოლო 86-ზე ანხელ კორეამ გამარჯვების გოლი შეაგდო.

შესვენებამდე „ატლეტიკოს” მეკარე იან ობლაკმა გამოიჩინა თავი, როდესაც მესის და გრიზმანს კარგი დარტყმები აუღო.

შეხვედრაში ჩამოთვლილთა გარდა იყო რამდენიმე ეპიზოდი, რომლებიც ასევე აღნიშვნის ღირსია: მესის კიდევ ერთი გოლი ხელით თამაშის გამო არ ჩაუთვალეს; გაიტანა ჟერარდ  პიკემაც, მაგრამ ოფსაიდი დაფიქსირდა; იმავე პიკემ თავის საჯარიმოში ხელით ითამაშა, თუმცა პენალტი არ დანიშნეს.

თამაშის მსვლელობისას იყო რამდენიმე გაწევ-გამოწევა, რაც შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ ესპანეთის სუპერთასის ახალმა ფორმატმა გაამართლა — არის მოსაზრება, რომ გუნდებისთვის სულერთი რომ ყოფილიყო, ყველაფერი უკონფლიქტოდ ჩაივლიდა. გაქაჩვებში მონაწილეობდნენ ჟოაო ფელიქსი, მესი, ლუის სუარესი, ჟორდი ალბა, სტეფან სავიჩი.

ეს ყველაფერი კი საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში მოხდა, სადაც ესპანეთის სუპერთასი მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, „ვალენსიასთან” 3:1 გამარჯვების შემდეგ პირველ დღეს ფინალში „რეალი” გავიდა. ამრიგად, კვირას, 12 იანვარს, გადამწყვეტ შეხვედრაში, ჯილდოსთვის ერთმანეთს ესპანეთის დედაქალაქის გუნდები შეებრძოლებიან.

მატჩის შემდეგ ანტუან გრიზმანმა თქვა: „როგორც ჩანს შეცდომები დავუშვით, რაც უნდა გამოვასწოროთ. სულ პატარა უზუსტობები ძვირად გვიჯდება: თამაშის, თასის, ჩემპიონატის წაგებად. მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ ზუსტ პასებს.

VAR-ზე კი რა გითხრათ. ის მოთამაშეების დასახმარებლად მოიგონეს. ჰოდა, ხან ჩვენ გვეხმარება, ხან მეტოქის სასარგებლოდ წყვეტს… ასეა ფეხბურთში”.

ლუის სუარესმა კი ერნესტო ვალვერდე დაიცვა: „ჩვენ არაფერ შუაში ვართ. ეს კლუბში შექმნილი სიტუაციის ბრალია. ყოველ შემთხვევაში ერნესტო ვალვერდე სრულიად უდანაშაულოა. წვრილ-წვრილი შეცდომები და გაფანტულობა საბოლოოდ ძვირი ჯდება.

მე ერთი რამ ზუსტად ვიცი, მოვიგებთ, წავაგებთ თუ ფრედ ვითამაშებთ, საკუთარი თავისადმი კრიტიკულები უნდა ვიყოთ. VAR-ის გადაწყვეტილებები კი განწყობაზე მოქმედებს”.

ამ გადაწყვეტილებათა სამართლიანობაზე სუარესს არაფერი უთქვამს.