საქართველოს საჩოგბურთო ნაკრებმა ATP-ის თასის პირველ ისტორიულ გათამაშებაში ეგებ ფურორი ვერ მოახდინა, მაგრამ ღირსეულად კი იბრძოლა და ხელშესახები ნადავლითაც დაასრულა ტურნირი.

ავსტრალიდან ყველაზე დიდი ნადავლით ალექსანდრე მეტრეველი ბრუნდება. მან ურუგვაელებთან ერთეულთა თანრიგში მოგებით 15 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, ჯამში 44 დაუგროვდა და ორშაბათს გამოსაქვეყნებელ რეიტინგში ერთბაშად 120 საფეხურით დაწინაურდება. მეტრეველი 558-ე საფეხურამდე აღზევდა.

შედარებით მოკრძალებულია სხვა ჩვენიანთა წინავლა. გიორგი ცივაძეს ავსტრალიურმა ოდისეამ 1 საფეხურით დაწინაურების საშუალება მისცა და 858-ე ჩოგანია. 4 საფეხურით დაწინაურდა ალექსანდრე ბაკში და ცივაძეს 5 ადგილით ჩამორჩება.

სამაგიეროდ, უმნიშვნელოდ, მაგრამ უკან დაიხია ნიკოლოზ ბასილაშვილმა. ჩვენი ჩოგბურთის სეფეჩოგანი მსოფლიოში 27-ეა. მას ავსტრალიელმა ნიკ კირიოსმა გადაასწრო.