იაპონიაში გამართულ მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების უხუცესმა წევრმა შალვა სუთიაშვილმა თავის ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2 წლით გაახანგრძლივა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის კარიერას სულ ცოტა 38 წლის ასაკამდე არ შეწყვეტს.

უბერებელი მეორე-მესამეხაზელმა ბორჯღალოსანთა შემადგენლობაში გასულ შემოდგომაზე თავის მესამე მსოფლიო თასზე იასპარეზა, რის გამოც, სხვა ლეგიონერების მსგავსად, თავის ფრანგულ კლუბს გვიან შეუერთდა. სუთიაშვილმა „ანგულემში“ პირველად პრო D2-ის მე-9 ტურში ითამაშა და მას შემდეგ მხოლოდ ერთი მატჩი გამოტოვა.

შალვამ გუნდის ლიდერობა იტვირთა, მისი „ანგულემი“ ლიგის ლიდერთა შორისაა – პირველი წრის შედეგებით მე-6, ტოპ 14-ში გამსვლელ საპლეიოფო ადგილზე იმყოფება, რაშიც შალვას მართლაც განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის.

მისი თამაშის ინტელექტუალური სტილი და ლიდერის თვისებები, ამასთან თავდადებული შრომა გუნდის შეტევასა თუ დაცვაში, კლუბის მესვეურთათვის იმის მიზეზი გახდა, რომ ამ სოლიდური ასაკის (სუთიაშვილი სულ მალე, 24 იანვარს 36 წლის გახდება) მორაგბისთვის კონტრაქტის გახანგრძლივება შეეთავაზებინათ. ეს პროცესი ალბათ იმ ფაქტმაც დააჩქარა, რომ სულ ახლახან სუთიაშვილი „ანგულემში“ დეკემბრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

მოკლედ, შალვა სუთიაშვილი „ანგულემში“ 2022 წლის ზაფხულამდე ითამაშებს. ცნობისთვის, ვეტერანი ბორჯღალოსანი „ანგულემში“ 2015 წელს, მსოფლიო თასის დასრულებისთანავე გადავიდა, ანუ ამ კლუბში თავის მე-5 სეზონს ატარებს.