ფლორენტინო პერესმა წლეულს „რეალის“ სერიოზული „გადაიარაღება“ დააანონსა, თუმცა ხმაურიანი ტრანსფერები მხოლოდ ზაფხულშია მოსალოდნელი. როგორც წესი, დიდი საფეხბურთო ფორუმების წინ დონ ფლორენტინოს დარი საქმოსნები ფეხს ითრევენ: ემანდ ბევრმილიონიანმა შენაძენმა ევრო 2020-ზე ტრავმა არ მიიღოს, ან ეგებ, სულ სხვა ახალმა ტალანტმა დაიქუხოსო. ამასობაში კი ზინედინ ზიდანი ძველ კადრებ დაუნანებლად ეთხოვება და სახელფასო ფონდსაც მნიშვნელოვნად ათავისუფლებს.
გუნდიდან ლუკა მოდრიჩის წასვლა ცარიელი სიტყვები აღარ არის. მისმა და ამერიკული „დი სი იუნაიტედის“ წარმომადგენლებმა მომავალი კონტრაქტის პირობები უკვე განიხილეს. მოგეხსენებათ, ვაშინგტონური კლუბი ნოემბერში უეინ რუნიმ დატოვა და ინგლისურ „დერბიში“ გადმობარგდა. მის ადგილზე ამერიკელებს არანაკლები კალიბრის ვარსკვლავი სჭირდებათ და ლუკაზე უკეთესს ვის იპოვიან?!
მოდრიჩი „რეალის“ ამ შემადგენლობაში „ოქროს ბურთის“ ერთადერთი მფლობელია. ხორვატი მადრიდში 2012 წლიდან ბურთაობს, მიმდინარე სეზონში კი გუნდს 3 გოლით და 5 საგოლე პასით შეეწია.