პეპ გვარდიოლამ „კარაბაოს” ანუ ლიგის თასის პირველი ნახევარფინალური შეხვედრის წინ განაცხადა, ცხოვრებაში სხვა არჩევანი რომ აღარ მქონდეს, „მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელი მაინც არ გავხდებიო. შუაღამისას, „ოლდ ტრეფორდზე” მანჩესტერული დერბია.
„მათ არასდროს გავწვრთნი, — თქვა კატალონიელმა, — ზუსტად ისე, როგორც არასდროს გავწვრთნი „რეალს”. თუ სხვა ვარიანტი აღარ მექნება, მალდივებზე წავალ ან გოლფის თამაშით შევიქცევ თავს”.
შემდეგ, „ბარსელონას” ყოფილმა თავკაცმა დასძინა, ვინ თქვა, რომ დღევანდელი „მანჩესტერ სიტისთვის” „ლივერპულთან” თამაში უფრო მნიშვნელოვანია, „იუნაიტედის” დამარცხებას მაინც სხვა გემო აქვსო.
„კარგად ვიცი ისტორია. ჩემს აქ ჩამოსვლამდე „ხმაურიან მეზობლებს” გვეძახდნენ. ახლა, უკვე ვეღარ გეტყვით ვინ ვართ, მაგრამ „სიტის” ფანებისთვის მანჩესტერული დერბი რასაც ნიშნავს, ზუსტად ვიცი”, — თქვა მან.
„სიტის” ხმაურიანი მეზობლები „მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარულმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუონმა დაარქვა. მაშინ ფერგიუსონს ფენომენალური გუნდი ჰყავდა, „სიტი” კი მართლა ხმაურობდა და მეტი არაფერი.
გვარდიოლა „ქალაქელებს” სათავეში 2016 წელს ჩაუდგა და მას მერე წონასწორობა შეიცვალა — „სიტი” გაძლიერდა, ხოლო „იუნაიტედი” დასუსტდა, ოღონდ ეგაა, პეპ გვარდიოლას მანჩესტერულ დერბიში „ქალაქელთა” ფანებისთვის სასურველი შედეგი მაინც არ აქვს: ყველა შეჯიბრებაში, რვა თამაშიდან ოთხი მოიგო, ორი წააგო და ორიც ფრედ ითამაშა.
თუმცა, კატალონიელი თავს ასე იწყნარებს: „მე აქ მხოლოდ „იუნაიტედის” დასამარცხებლად არ ჩამოვსულვარ. ჩემი მთავარი ამოცანა ჩემპიონის ტიტულის მოგება იყო. რაც შეეხება მეტოქეს, მას დიდ პატივს ვცემ და დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან კვლავ იბრძოლებს პირველი ადგილისთვის. არ არსებობს ქვეყნად გუნდი, რომელი მხოლოდ მოიგებს, მოიგებს და მოიგებს. ასეთი რამ სერ ალექს ფერგიუსონმა მოახერხა. დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული დროის შემდეგ, გუნდი ისევ იმ აღმაფრენას დაუბრუნდება”.
გვარდიოლას „სიტიმ”, რომელიც ლამობს „კარაბაოს თასი” ზედიზედ მესამედ მოიგოს, დღევანდელი დაპირისპირების წინ კარგად უნდა გაიხსენოს დეკებმრის ამბავი, როდესაც „იუნაიტედმა” კონტრშეტევებზე აწყობილი თამაშით 2:1 მოუგო. თუმცა, სავარაუდოდ, ერთი და იგივე ხრიკი ორჯერ არ გაჭრის.
გვარდიოლა: „ჩვენ ჭკუა ვისწავლეთ. ვნახეთ, თუ რა სწრაფები არიან ისინი, როგორ თამაშობენ კონტრშეტევებზე. საკმარისია მომენტი გამოგეპაროს და ორ-სამ წამში შენს საჯარიმოსთან არიან. თუმცა მაშინ, ჯამში კარგი თამაში გამოვიდა. მომენტები ჩვენც შევქმენით, უბრალოდ არ გაგვიმართლა და ჩვენი დარტყმულები კარში არ შევიდა”.
საინტერესოა, რომ „სიტის” „კარაბაოს თასზე” უკვე სამი წელიწადია არ წაუგია, ოღონდ მანამდე, 2016 წელს, „ქალაქელები” სწორედ „იუნაიტედმა” დაამარცხა.