ალექსანდრე მეტრეველი

ავსტრალიაში ალმოდებული ტყეების ფონზე გრძელდება ATP-ის თასის გათამაშება ჩოგბურთში. ქვეჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში ჩვენმა ნაკრებმა იაპონელებთან დასანანი მარცხი იწვნია. ალექსანდრე ბაკშის და ზურა ტყემალაძის წყვილმა მაცუი-მაკლალანის დუეტი უპირობოდ დაჯაბნა – 6:2, 6:4. სამწუხაროდ, ეს პრესტიჟის მოგება აღმოჩნდა. არადა, ერთეულთა თანრიგის ორი შეხვედრიდან ერთიც რომ მოგვეგო, ჯგუფიდან გასვლაზეც წავიოცნებებდით…

რატომაც არა? ნიკოლოზ ბასილაშვილს მსოფლიოს 72-ე ჩოგან იოშიტო ნიშიოკაზე ბევრად მაღალი დონის მეტოქეებიც მიუჩოგნია და, თუ ორი დღის წინ ნადალთან მისი თამაშით ვიმსჯელებთ, იმედი უსაფუძვლო არ იყო. მეორე სეტის სტარტზე ნიკამ ბრეიკით დაწინაურება მოახერხა, მაგრამ იქვე საკუთარი მოწოდება დათმო, მერე კი მეხუთე გეიმში 5 ბრეიკ-პოინტი გაანიავა. ეგ იყო და ეგ – 2:6, 3:6.

კიდევ ერთხელ უნდა შევაქოთ ალექსანდრე მეტრეველი. მასზე რეიტინგის 550 საფეხურით მაღლა მდგომ მეტოქესთან ქართველმა პირველი სეტი კი მოიგო, მაგრამ 119-ე ჩოგან გო სოედასთან მეტს ვერას გახდა – 6:4, 3:6, 2:6.
ბოლო ტურში ჩვენი და ურუგვაის დაპირისპირება წმინდა წყლის ფორმალობაა და ჯერჯერობით ის ვიკმაროთ, რომ იმავე ნიკა ბასილაშვილის რეიტინგმა საქართველო ამ საჩოგბურთო ზეიმს აზიარა.