2020 წელს, საჩოგბურთო სამყარო მნიშვნელოვანი სიახლით რომ შეხვდებოდა ეს ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გაცხადდა. ისიც ვიცოდით, რომ 24 რჩეულ გუნდთან ერთად  ამ ნოვაციის ნაწილი საქართველოს ნაკრებიც იქნებოდა.

ახლადდაარსებულ ATP-ის თასის გათამაშებაზე ვსაუბრობთ, რომელიც ავსტრალიის 3 ქალაქში – სიდნეიში, ბრისბენში და პერთში ერთდროულად მიმდინარეობს და ისეთი პირი უჩანს, სამეფო სპორტის ტურნირების კალენდარში ღირსეულ ადგილს დაიკავებს.

მწვანე კონტინენტი კი რამდენიმე კვირაა ალისფერს დაემსგავსა და ცეცხლის ალშია გახვეული. ავსტრალიის სხვადასხვა შტატის ტყეებში გაჩენილმა ხანძარმა მილიონ ჰექტარზე მეტი ფართობის ტერიტორია გაანადგურა, ასობით სახლი შეიწირა და ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დატოვა.

ხანძრის გამო შიშობენ, რომ შესაძლოა საფრთხე წლის პირველ დიდი სლემის ტურნირსაც კი დაემუქროს, რომელიც 20 იანვარს მელბურნში უნდა დაიწყოს და მისი გადატანა გახდეს საჭიროო, თუმცა ეს ალბათ ნაკლებად მოსალოდნელია.

მიუხედავად დაუნდობელი სტიქიისა, 3 იანვარს ATP-ის თასის გათამაშება დაიწყო და მოვლენებიც საკმაოდ საინტერესოდ ვითარდება. ტურნირის ორგანიზატორებმა კი ერთობ მისასალმებელი საქველმოქმედო აქცია მოიფიქრეს, რომელშიც შეჯიბრში მონაწილე უკლებლივ ყველა ჩოგბურთელი ჩართულია და კორტზე ყოფნით შეუძლიათ საკუთარი წვლილის შეტანა.

საქმე იმაშია, რომ ყველა მატჩში მოთამაშის მიერ შესრულებული თითო ეისი ATP-იმ 100 ამერიკულ დოლარად შეაფასა და ის სწორედ ხანძრით დაზარალებულთა საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება. ტურნირის პირველ დღეს ჯამში 216 ეისი შესრულდა, რასაც ამერიკულ მწვანეებში თუ გადავიყვანთ 21,6 ათასი გამოდის. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ამ მხრივ ლიდერობა არავის დაუთმო ჯონ ისნერმა, რომლის ანგარიშზეც 33 ეისი გახლდათ. მეორე მაჩვენებელი ჰქონდა ავსტრალიელ ნიკ კირიოსს (20), რომელსაც კვალში გერმანელი იან ლენარტ შტრუფი (15) ჩაუდგა. აქვე ისიც დავძინოთ, რომ კირიოსი და მისი თანამემამულე ალექს დე მინაური თავიანთ ეისებს უფრო ძვირად აფასებენ და საკუთარი ჯიბიდან შესაბამისად 100 და 150 დოლარს ამატებენ.

საქართველოს ნაკრების ანგარიშზე კი უკვე 1000 დოლარია და იმედია ეს თანხა კიდევ გაიზრდება. ქართველი ჩოგბურთელები პირველ ტურში მრისხანე ესპანეთთან 0:3 კი დამარცხდნენ, მაგრამ მეტოქეს რაღაცაში მაინც აჯობეს. ასე მაგალითად, ალექსანდრე მეტრეველმა რობერტო ბაუტისტა აგუტი ხახამშრალი 5-ჯერ დატოვა, როდესაც თავად გამოცდილმა ესპანელმა მხოლოდ ერთი ეისი გაახერხა, ხოლო ნიკოლოზ ბასილაშვილის ჩაწოდების შემდეგ რაფაელ ნადალმა ბურთს თვალი 4-ჯერ გააყოლა, თავად კი ეს ორჯერ შეძლო. ჩვენებურმა მეჩოგნეებმა ერთი ეისი წყვილთა თანრიგშიც მიითვალეს, სადაც გიორგი ცივაძე და ალექსანდრე ბაგში ფელისიანო ლოპესს და კარენო ბუსტას დაუპირისპირდნენ.

საქართველოს ნაკრები, მომდევნო მატჩს 6 იანვარს კეი ნიშიკორის გარეშე მყოფ იაპონიასთან გამართავს და იმედია ეისებთან ერთად ამ უპრესტიჟულეს ტურნირზე პირველი გამარჯვებაც მოხერხდება.