კატალონიის დედაქალაქის გუნდების „ესპანიოლისა” და „ბარსელონას” თამაში 2:2 დასრულდა, ორიოდ საათით ადრე კი „რეალმა” სტუმრად „ხეტაფე” დაამარცხა 3:0. ამრიგად, 19 ტურის შემდეგ, ლა ლიგის ცხრილში ორხელისუფლებიანობაა — „ბარსას” და „რეალს” 40 ქულა აქვთ.
ბარსელონურ დერბიში ანგარიში „ესპანიოლმა” გახსნა. შემდეგ „ბლაუგრანამ” ორი გოლი შეაგდო, მაგრამ 88-ე წუთზე, 28 წლის ჩინელმა ლეი ვუმ გაქვითა და მეტოქეებმა ქულები გაიყვეს. უფრო სწორად, „ბარსელონამ” ორი ქულა დაკარგა — ასე უფრო ზუსტი იქნება „ესტადი კორნელა ელ პრატზე” მომხდარის დახასიათება.
„ბარსას” მხრიდან ყველაზე მეტად თავი ლუის სუარესმა გამოიჩინა. მან ერთი გოლი გაიტანა, მეორე კი გაატანინა.
„სტადიონს სწორედ იმ განწყობით ვტოვებ, რომ ორი ქულა დავკარგეთ, — თქვა ურუგვაელმა, — რთული თამაში იყო, რაც სტუმრობას ახასიათებს ხოლმე. ზოგადად კი მოიგებ, წააგებ თუ ფრედ ითამაშებ, ყველა ვარიანტში უნდა განვითარდე”.
თამაშის დამთავრებამდე 15 წუთით ადრე „ბარსას” მეორე ყვითლისთვის ფრენკი დე იონგი გაუძევეს.
სუარესმა თქვა: „როდესაც კაცნაკლული ხარ უფრო გიჭირს, რადგან მოწინააღმდეგე გაწვება და მოედანზე წინ მოდის, მითუფრო თუ შინ თამაშობს. მაგრამ, ჩვენ ჩემპიონები ვართ და ამ ტურამდე ცხრილში პირველ ადგილზე ვიყავით, ასე რომ ასეთი სირთულეების გამკლავება უნდა შეგვეძლოს.
არა უშავს. ჯერჯერობით ჩემპიონატის მხოლოდ პირველი ნახევარი დამთავრდა. ახლა ჩვენ სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და აქამდე დაშვებული შეცდომები მეორე ნახევარში აღარ უნდა გავიმეოროთ”.