ავსტრალია ახლადდაარსებული ATP-ის თასის გათამაშებას მასპინძლობს. საქართველოს ნაკრები B ქვეჯგუფში მოხვდა და მეტოქეებად ესპანეთი, იაპონია და ურუგვაი ერგო.

პირველ ტურში ჩვენი ბიჭები ესპანელებს შეხვდნენ. ბუნებრივია, მთელი ყურადღება გუნდების პირველი ნომრების დაპირისპირებებისკენ იყო მიპყრობილი. ნიკოლოზ ბასილაშვილი ტრადიციულად ბოლომდე ეომა რაფა ნადალს, მაგრამ ასევე ტრადიციულად, მცირედი დააკლდა. ნიკა 3:6, 5:7 დამარცხდა.

ამ შეხვედრის დაწყებამდე ჩვენი გუნდი უკვე 0:1 მარცხდებოდა. მსოფლიო რეიტინგის მე-7 ასეულის ბინადარი ალექსანდრე მეტრეველი მსოფლიო რეიტინგის მე-9 ნომერთან, რობერტო ბაუტისტა აგუტთან უშანსოდ იყო – 0:6, 0:6.

იმედი არც წყვილთა თანრიგში გვქონდა, თუმცა ალექსანდრე ბაკშიმ და გიორგი ცივაძემ პაბლო კარენო ბუსტა – ფელიციანო ლოპესის წყვილს ნამდვილი ბრძოლა გაუმართეს. ბოლოს გამოცდილმა ესპანელებმა 6:3, 6:4 მოიგეს.

ქვეჯგუფის მეორე შეხვედრაში ნიშიოკას იაპონიამ კუევასების ურუგვაი ასევე 3:0 დაამარცხა.