ძველი დიდებით ცნობილი „არსენალი” და „მანჩესტერ იუნაიტედი” ახალი წლის პირველ დღეს ლონდონში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და თამაშმა გამოაჩინა, რომ თუკი „იუნაიტედი” ჯერჯერობით ისეთივე მოსაწყენი და უკბილო გუნდია როგორიც 2019 წელს იყო, „არსენალი” 2020-ში გამოფხიზლებას აპირებს — ახალმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ლიდერის თვისებებით თავი გამოიჩინა გრანიტ ჯაკამ, დავიდ ლუისი კი დაცვაში იყო შეუვალი.

მესუთ იოზილმა, რომლის უგულობასა და უნიათობაზე ლაპარაკს ბოლო არ უჩანდა, დაუჯერებლად ბევრი ირბინა — პირველ ტაიმში მისი 5,92 კილომეტრი საუკეთესო შედეგი იყო. ყველაზე მაღალხელფასიანმა „მეთოფემ” როგორც იქნა ჯამაგირის შესაბამისად ითამაშა.

„მანჩესტერ იუნაიტედში” კი… პოლ პოგბა, რომელმაც შობის წინ, „ნიუკასლთან” მარტო მეორე ტაიმში მიიღო მონაწილეობა, ხოლო „ბოქსინგ დეიზე”, „ბარნლისთან”, რაღაც ვერ ვარო და მთელი თამაში სკამზე გაატარა, ლონდონში საერთოდ არ ჩავიდა. არადა, ოლე გუნარ სულშერი ამბობდა, რომ ფრანგი „არსენალისთვის” მზად იქნებოდა. ამჯერად, პოგბას არყოფნა კოჭის მორიგ ატკიებას დაბრალდა, „ექსპრესის” თქმით კი ნახევარმცველს კოჭი იმავე სიხშირით ტკივდება, რა სიხშირითაც იწერება, რომ ის სხვა კლუბში აპირებს გადასვლას. ანუ, შესაძლოა მსოფლიოს ჩემპიონი ჯერარგამხელილი ტრანსფერის წინ ფეხებს უფრთხილდება.

შეგახსენებთ, რომ პოგბა, თავის დროზე, „მანჩესტერ იუნაიტედს” 89 მილიონი გირვანქა დაუჯდა, თუმცა ახლა ისეთი ეპოქაა, კარგი და ცუდი თამაში მთლად ფულზე არ არის დამოკიდებული. ასე მაგალითად, მსოფლიოს უძვირესი მცველი გარი მაგუაირი, რომელშიც 80 მილიონი გირვანქაა გადახდილი, „არსენალის” მონდომებულ თავდამსხმელებთან დებიუტანტივით დაიბნა. თუნდაც 32-ე წუთის ამბავი გავიხსენოთ, როდესაც ალექსანდრ ლაკაზეტმა საჯარიმოში ის ლამაზი ბრუნით მოატყუა, ოღონდ მერე საშინლად დაარტყა. ერთი წუთის შემდეგ კი მაგუაირი (და მასთან ერთად ფრედი) ისევ შეცდა, როდესაც ლუკას ტორეირამ სულ ოდნავ ააცილა მიზანს.

შეხვედრის ორი გოლი მე-8 და 42-ე წუთებზე გავიდა. პირველი, „არსენალის” მიერ 72 მილიონ გირვანქად შეძენილმა პეპემ შეაგდო (ეს მისი მხოლოდ მესამე გოლი იყო, ძვირი ტრანსფერის შემდეგ, რაც ფულისა და კარგად თამაშის შესახებ ზემოთ გამოთქმულ ვარაუდს შეგვიძლია მივაბათ), მეორე კი 31 წლის ბერძენმა სოკრატისმა.

„მანჩესტერ იუნაიტედმა” ვერც შესვენების შემდეგ იყოჩაღა, მიუხედავად იმისა, რომ (როგორც „ექსპრესმა” დაწერა) აარონ ვან ბისაკამ VAR-ის შემდგომი ეპოქის ყველაზე დიდი სიმულაცია ჩაიდინა და ყვითელი ბარათით რომ არ დასაჯეს, გადარჩა.