საფრანგეთის ტოპ 14-ში რეგულარული ჩემპიონატის მე-12 ტურმა 2019 წელი დახურა. ძალიან სასიამოვნოა, რომ 2020 წელს ფრანგული პირველობის ლიდერის რანგში „ბორდო“ შეხვდება, რომელშიც ქართველები არცთუ მეორეხარისხოვან როლს ასრულებენ.

წლის ბოლო მატჩი ფრანგული ღვინის დედაქალაქის სარაგბო გუნდმა პოში გამართა და ერთობ დაძაბულ ბრძოლაში 27:23 იმარჯვა. ბორდოელთა სასტარტო შემადგენლობაში ბორჯღალოსანი ბექა გორგაძე იყო, რომელიც კლუბში, ნაკრებისგან განსხვავებით, 6 ან 7 ნომრის პოზიციაზე თამაშობს ხოლმე. 23 წლის ქართველი ძალიან დამაჯერებლად გამოდის გუნდში, რომლის ღირსებას ისეთი ვარსკვლავები იცავენ, როგორებიც არიან პუარო, ჟალიბერი, ლამერა და თვით ფიჯელი სუპერვარსკვლავი რადრადრა. პოში შეცვლაზე ითამაშა ლექსო ყაულაშვილმა, რომელიც ბორდოული გუნდის ერთ-ერთი საუკეესო ბურჯია. „ბორდომ“ კი წელიწადი 42 ქულით დაასრულა და უახლოეს მდევარ „ლიონს“ 2 ქულით უსწრებს.

ეს წყვილი დანარჩენ ფრანგულ ელიტას საგრძნობლადაა დაშორებული, რადგან მე-3 ადგილზე მყოფ „ტულონს“ მხოლოდ 31 ქულა აქვს. ტულონელებს გასული ტურის ცენტრალურ მატჩში მოუხდათ მონაწილეობა, რაკი ისინი საფრანგეთის მოქმედ ჩემპიონ „ტულუზთან“ გასვლა ჰქონდათ. ეს შეხვედრა ფრედ, 13:13 დასულდა და „ტულონის“ ამ აშკარა და მოულოდნელ წარმატებაში სოლიდური წვლილი კიდევ ერთმა ბორჯღალოსანმა ბექამ შეიტანა. გიგაშვილმა ძალზე შთამბეჭდავად ითამაშა და ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. სხვათა შორის, ბექა გიგაშვილი ამ პატივს ზედიზედ მეორედ აღირსეს.

საპლეიოფო ზონაში, ანუ მე-5 ადგილზე კიდევ ერთი „ქართული“ გუნდია. „კლერმონმა“ „კასტრს“ უმასპინძლა და 39:22 დაამაცხა, ხოლო ვეტერანმა დავით ზირაქაშვილმა „ყვითელი წყალქვეშა ნავის“ შემადგენლობაში დასკვნით ნახევარ საათზე ოდნავ მეტი გაატარა და როგორც ყოველთვის, შერკინებაში კლდესავით იდგა. „კლერმონს“ 28 ქულა აქვს.

თუმცა, გასავარდნ ზონასაც ქართველთა კლუბები იკავებენ. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ასეა. ბოლოსწინა, გასავარდნ პლეი-ოფში მოსახვედრ ადგილზე 17 ქულით გიორგი თეთრაშვილის „აჟენია“, რომელიც  ლა როშელში 8:40 განადგურდა, ხოლო ცხრილის ფსკერზე ევროპის ყველაზე მსხვილბიუჯეტიანი კლუბია – „სტად ფრანსე“. გიორგი მელიქიძის გუნდს 16 ქულა აქვს. პარიზელებმა გასულ ტურში მინი-სენსაცია გამოაცხვეს – მანამდე მე-5 ადგილზე მყოფ „მონპელიეს“ სტუმრად ქულები დააკარგვინეს – 20:20. ეს კი არა, ბოლო წამებზე მასპინძლებს სერიოზული შტურმის მოგერიება მოუხდათ, როცა მათ ლევან ჩილაჩავა გაუსინბინეს და რიცხობრივ უპირატესობაში მყოფმა დედაქალაქელებმა თავგანწირვით შეუტიეს მეტოქის ლელოს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ თუკი ჩილაჩავა შეცვლაზე შევიდა, „მონპელიეს“ სასტარტოში 3 ქართველი იყო – მიხეილ ნარიაშვილი, კონსტანტინე მიქაუტაძე და გელა აფრასიძე, რომელმაც ეს პატივი კარიერაში მეორედ დაიმსახურა.

ტოპ 14-ის მომდევნო ტური 4-5 იანვარს გაიმართება და ამით პიველობის პირველი წრე დასრულდება.