ერნესტო ვალვედრეს მომავალი „ბარსელონაში” ტაბუდადებული თემაა. ვერავინ ბედავს იწინასწარმეტყველოს, კიდევ რამდენ ხანს დარჩება ის „ბლაუგრანას” სათავეში. ეს შედეგებსა და მის სურვილზეა დამოკიდებული.

ვალვერდესა და კლუბს კონტრაქტში უწერიათ, რომ შეუძლიათ თანამშრომლობა 2021 წლის ივნისამდე გაახანგრძლივონ, ოღონდ ეს საკითხი მალე, აპრილის ბოლომდე უნდა გადაწყდეს. მანამდე კი კლუბი პირობას დებს, რომ არავის დაუკავშირდება.

რასაკვირველია, არ-დაკავშირება ერთია, ვარიანტების აწონ-დაწონა კი მეორე.

დღეს, ბაზარზე ცოტა ვარიანტია. ცხადია, ლაპარაკია ისეთ ხალხზე, ვინც „ბარსელონას” თამაშის სტილს იცნობს. კატალონიურ პრესაში ასახელებენ კუმანს, ჯორდი კრუიფს, მარსელო გალიარდოს, ტენ ჰაგს და რობერტო მორენოს. აგრეთვე ამბობენ, რომ ამ ეტაპზე პეპ გვარდიოლასა და ლუის ენრიკეს დაბრუნება გამორიცხულია. თუმცა, კლუბის დირექტორატში აქა-იქ ახალი სახელებიც ამოტივტივდება ხოლმე.

ამ დღეებში ტიერი ანრი ახსენეს. მსოფლიოსა და ევროპის ფრანგი ჩემპიონი „ბარსაში” თამაშობდა და კატალონიის დედაქალაქში ბევრთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს; კარგი სახელი დატოვა.

ანრი მწვრთნელია. ახლახან ის MLS ლიგაში „მონრეალ იმპექტს” ჩაუდგა სათავეში. როდესაც ბელგიის ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე მესამე ადგილი მოიპოვა, ანრი გახლდათ გუნდის თავკაცის რობერტ მარტინესის ასისტენტი. დამოუკიდებლად უმუშავია „მონაკოში”, საიდანაც 19 თამაშის შემდეგ გამოუშვეს.

ვინმემ შეიძლება თქვას, რომ ტიერი ანრი ტოპ-მწვრთნელი არ არის და „ბარსელონას” არ ეკადრება, მაგრამ, თავის დროზე, „ბლაუგრანას” გაძღოლა რომ იკისრეს, განა თვით პეპ გვარდიოლა და ლუის ენრიკე ტოპ-მწვრთნელები იყვნენ? გვარდიოლას გამოცდილება გახლდათ მხოლოდ და მხოლოდ „ბარსელონა B”, ხოლო ენრიკესი „სელტა ვიგო”. ასე რომ, „კამპ ნოუზე” ახალ თავკაცს მაინც და მაინც პრესტიჟულობის მიხედვით არ ქირაობენ ხოლმე.

ტიერი ანრის შესანიშნავი ურთიერთობა აქვს ესპანეთის ჩემპიონის სპორტულ დირექტორ ერიკ აბიდალთან და წამყვან ფეხბურთელებთან მესისთან, ბუსკეტსთან და პიკესთან. გარდა ამისა, ის კარგად იცნობს გუნდის ფრანგ ფეხბურთელებს.