ცნობილი გახდა, რომ „ლივერპულის” გერმანელმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მთელი ერთი საათი ტელეფონზე ლაპარაკში გაატარა — მას საფრანგეთიდან, კერძოდ „პარი სენ ჟერმენიდან” დაურეკეს და მათთან გადაბარგება შესთავაზეს. პსჟ-ს ჯერჯერობით თომას ტუხელი წვრთნის, თუმცა ის წნეხის ქვეშაა.
რად უნდა თქმა, რომ კლოპს თავისი კარიერის ამ ეტაპზე „ლივერპულში” მუშაობა მოსწონს — მისი ხელმძღვანელობით მერსისაიდელები პრემიერლიგის ცხრილში ლიდერობენ და ამ მომენტისთვის 10 ქულით უსწრებენ უახლოეს მდევარ „ლესტერს”, რომელზეც საქართველოს დროით საღამოს ცხრის ნახევრამდე 2 თამაშით ნაკლები ექნებათ. დღეს „წითლები” ვულვერჰემპტონს” მასპინძლობენ.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპული” ინგლისის ჩემპიონი 1990 წლის შემდეგ არ გამხდარა.
რაც შეეხება „პარი სენ ჟერმენს”, მას საფრანგეთის ჩემპიონობის პრობლემა არ აქვს, მაგრამ ჩემპიოთა ლიგაში ვერა და ვერ გატეხა ნავსი. როგორც ჩანს, პარიზული კლუბის პატრონებს არც წლეულს მოსწონთ, თუ როგორ ხელმძღვანელობს მათ გუნდს ტუხელი. ფრანგული Le10Sport ამტკიცებს, რომ კლოპამდე პსჟ-ს შეფებმა „იუვენტუსის” ყოფილ თავკაცს მასიმილიანო ალეგრის დაურეკეს ანუ, ტუხელის შემცვლელის ძიება უკვე აქტიურ ფაზაშია.
კლოპისთვის, რომელმაც გასულ სეზონში „ლივერპულს” პარიზელთათვის ასე საოცნებო ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა, წარსულში ცნობილ ბრაზილიელ ფეხბურთელს, დღეს პსჟ-ს სპორტულ დირექტორ ლეონარდოს დაურეკავს. როგორც ამბობენ, მას გერმანელსთვის დაწვრილებით მოუყოლია, იმ პროექტის შესახებ, რომლის ხორცშესხმასაც „პარკ დე პრენსზე” უახლოეს მომავალში აპირებენ.
კლოპის პასუხი, როგორც მოსალოდნელი იყო, სწორედ ის ყოფილა, რასაც „ლივერპულის” გულშემატკივრები ელოდნენ. გერმანელმა ხომ დიდი ხანი არ არის, რაც „ენფილდზე” 2024 წლამდე დარჩენის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
საინტერესოა, რომ 2015 წელს თომას ტუხელმა „დორტმუნდის” მწვრთნელის თანამდებობაზე სწორედ იურგენ კლოპი შეცვალა და ისიც სახალისო დამთხვევაა, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მერვედფინალში „პარი სენ ჟერმენი” დორტმუნდელებს ხვდება.