ევროპის ხელბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 3-5 ივლისს ბათუმი ქვიშის ხელბურთში ქალთა და კაცთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. აჭარის დედაქალაქისთვის საერთაშორისო შეჯიბრების მასპინძლობა უცხო ხილი არ არის. 2012 წელს აქ გაიმართა ქვიშის ხელბურთელ გოგონათა და ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატები.

საინტერესოა, რომ თავად სახეობა, ქვიშის ხელბურთი, სწრაფად ვითარდება. 2020 წელს გადაწყდება შეიტანენ თუ არა მას 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში.

ბათუმთან ერთად ევროპის ანალოგიურ ჩემპიონატს საბერძნეთის ქალაქი სალონიკიც უმასპინძლებს. სწორედ ამ ორ შეჯიბრებაში გათამაშდება იტალიაში დანიშნული ევრო 2021-ის ხუთ-ხუთი საგზური როგორც ქალებში, ასევე კაცებში.

ვინ ჩამოვა ბათუმში და ვინ გაემგზავრება სალონიკიში, თებერვალში გაირკვევა. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ევრო 2021-ის საგზური მასპინძელი იტალიელების გარდა გარანტირებული აქვთ კაცთაგან უნგრეთს, ხორვატიას, რუსეთს, დანიას და ნორვეგიას, ხოლო ქალთაგან ესპანეთს, უნგრეთს, ჰოლანდიას, ხორვატიას, დანიასა და საბერძნეთს.

საქართველოში უკვე იმყოფებოდნენ ევროპის ხელბურთის ფედერაციის ინსტრუქტორები, რომლებმაც ბათუმი დაათვალიერეს და ინფრასტრუქტურას გაეცნენ.

აღსანიშნავია, რომ ბათუმში ქვიშის ხელბურთის მოედანი 2012 წლიდან არსებობს, ოღონდ ცხადია მას რეკონსტრუქცია სჭირდება.

საქართველო გუნდებს გამოიყვანს როგორც კაცებში ასევე ქალებში.