აი, კაცს რომ პრეზიდენტად აირჩევენ, მაგრამ ჯერ ოფისში არ შესულა და ხალხში გამოჩნდება ხოლმე, ასე უწოდებენ – ფრეზიდენთ-ელექთ, ანუ არჩეული პრეზიდენტიო. ჰოდა, ინგლსური მედიაც ამ შობას უკვე ასე უწოდებს „ლივერპულს“ – ჩემპიონ-ელექთ.

გუნდმა გასულ კვირაში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონობა მოიგო, ხუთშაბათს ღამით კი ოთხი მშრალი ბურთით მოუგო უახლოეს მადევარს და ქულათა სხვაობა ორთა შორის ცამეტამდე გაზარდა. გასაგებია, სად ახლანდელი კარგი „ლესტერი“ და სად ახლანდელი ბრწყინვალე „ლივერპული“.

„ლესტერმა“ საშობაო ვითარებაში, მესამე ადგილზე მყოფ „სიტისთანაც“ წააგო, ასე რომ კვლავაც სამეულში ამომძვრალ პატარა გუნდად რჩება, იმის მიუხედავად, რომ საუცხოო სეზონი აქვს და ჯეიმი ვარდი კი მოულოდნელად აყვავებული ბებერი ვარდივით აფრქვევს გულებს.

მოკლედ, „ლესტერი“ ძნელად რომ გამოდგეს „ლივერპულის“ მადევრად, თუმცა კი ალბათ თავს დადებს მეორე საფეხურზე თავის შესანარჩუნებლად. ისიც გამოსაჩენია, როგორი განწყობა ექნება როჯერსის გუნდს, ამ ორი მთავარი მარცხის შემდეგ.

ყბადაღებული შობის ჩემპიონის ამბავი რომ გავიხსენოთ, ანუ, ისა, რომ ვინც შობასაა ჩემპიონი, საბოლოოდაც უმეტესად ისააო, ისიც მოგვაგონდება, რომ „ლივერპული“ შარშანდელი შობის ჩემპიონიცაა. თუ სწორად მახსოვს და „სიტის“ ხუთი ქულით უსწრებდა, ეს ხუთი ქულა და მეტიც გვარდიოლას გუნდმა ზამთარშივე დაუქაჩა კლოპს და გაზაფხულზე ზედიზედ მეორედ მოიგო პრემიერლიგა. თუმცა, ესეც უნდა ითქვას, რომ „ლივერპული“ მაშინ ჩემპიონთა ლიგის გზას შეურყევლად ადგა და მოიგო კიდეც.

ის გამარჯვება და ის ჩემპიონთა თასი გადამწყვეტია. როგორც „ტოტენჰემი“ გაწყდა წელში იმ ფინალის შემდეგ, ისე „ლივერპული“ განმტკიცდა.

რა აქვს მაგარი დღვნადელ „ლივერპულს“ და მარაგი. რომ იტყვიან მარაგით თამაშობსო, ეს იგრძნობა, ოღონდ ცოტა თავისებურად: ეს მარაგი რამე გადმაწყვეტ და აშკარა უპირატესობას კი არ გულსხმობს, მაგრამ რაღაც მომენტში თავს იჩენს ხოლმე. მარაგი ბევრი, ასე რომ ვთქვათ ბარსელონური იერის არ არის, მაგრამ გადამწყვეტია ხოლმე. აგე, „ლესტერსაც“ უგებდა ერთი ბურთით, არ იყო იოლი თამაში და უცებ თამაში ისე გაიხსნა, რომ შვიდ წუთში სამი მიაყარეს. ანდა, „ფლამენგოსთან“, იმ უგრძეს და არცთუ ხალისიან თამაშში, ბოლოს მაინც გაიტანეს. ფლამენგოს რომ გაეტანა, ვინმე იტყოდა რამეს? მაგრამ, არა. ასევე იყო „მონტერეისთან“.
ეს რაღაცნაირი მარაგია. ხანჯალივთ გუნდია, სისწრაფეები, თამაშის ორგანიზაცია და სხვა უამრავი რამ თავისთავად, მაგრამ თან გამაჯრვებულის სული. ეს ყველაზე მტკიცე რამ არის, რაც „ლივერპულმა“ მოიპოვა წლეულს. სწორედ ესაა მთავარი მარაგი.
რომ გადახედო, პრემიერლიგის არეული დიდი გუნდები. სწორედ ამ სულს ეძებენ. აგე, ლამპარდი მეტ პიროვნულობას ითხოვს „ჩელსის“ მოთამაშეებისგან, არტეტა კი ამბობს, რომ „არსენალში“ უკეთესი განწყობა დაუხვდა, ვიდრე ელოდა, ეგერ სოლსკიაერიც რაღაცას ხლაფორთობს და ასე შემდეგ.

მოკლედ, დღესაც თამაშებია, ხვალაც და ახალი წლის დღესაც.

წილი
წინა სტატიაროგორ სადილობენ ლონდონში
შემდეგი სტატიადაუფასებელი…
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.