„არსენალის” ახალი მწვრთნელი მიკელ არტეტა ბორნმუთში, „დინ კორტზე”, გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში თავის პირველ შეხვედრაზე, ზუსტად პეპ გვარდიოლასავით ჩაცმული მივიდა. არტეტა „მეთოფეთა” მწვრთნელად გასულ კვირას დაასახელეს, მანამდე კი „მანჩესტერ სიტიში” გვარდიოლას თანაშემწე იყო.

ეს ამბავი ყველაზე ადრე ფანებმა შეამჩნიეს და ატყდა დიდი პოსტვა სოციალურ ქსელებში.

„ხალხო, ზუსტად გვარდიოლასავით ჩაცმა რასაც უნდა ნიშნავდეს, ალბათ გასაგებია… ეტყობა „ბორნმუთს” სერიოზულად დავაზიანებთ”, — დაწერა ერთმა მატჩის დაწყებამდე.

„გვარდიოლასავით ჩაუცვამს… ალბათ, გაკვეთილებს კარგად სწავლობდა”, — თქვა მეორემ.

მესამეს გაახსენდა, რომ პოლ სქოულზმა ფრედი ლიუნგბერგს, რომელიც არტეტას დანიშვნამდე „არსენალის” დროებითი მწვრთნელის ფუნქციას ასრულებდა, საჯაროდ უსაყვედურა, ოფიციალურ თამაშებზე კოსტიუმში გამოწყობილი რატომ არ ზიხარო.

„სქოულზი ალბათ დუღს, — დაწერა ფანმა, — ოფიციალურად არც არტეტას აცვია. თამაშის შემდეგ ალბათ გვერდზე გაიყვანს “.

არტეტას კი არასდროს დაუმალავს, რომ გვარდიოლას გავლენის ქვეშაა. როგორც მოდის მიმდევარი თუ არა, როგორც მწვრთნელი მაინც. მან ინტერვიუებშიც თქვა, რომ „არსენალის” თამაშის სტილის გადაკეთებას აპირებს და საამისოდ ყოველდღიურად თითო ნაბიჯს გადადგამს.

„ბორნმუთის” და „არსენალის” შეხვედრა კი სტუმრების მწვრთნელის „ა ლა გვარდიოლა” ჩაცმულობის მიუხედავად 1:1 დასრულდა. ანგარიში 35-ე წუთზე მასპინძელმა დენ გოსლინგმა გახსნა, 63-ე წუთზე კი პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გაქვითა.