როგორც ჩანს, ჩინეთმა დაკარგა იდეალური წინასაპენსიო ქვეყნის სტატუსი, რაც მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებს ასე იზიდავდა. ჩინურმა კლუბებმა უცხოელებს ფანტასტიური პირობები შესთავაზეს და ამ რბოლაში მათი უმეტესობა წამგებიანი გახდა.
ჩინეთის საფეხბურთო ასოციაცია იძულებული იყო, გადამჭრელი ზომები მიეღო. აბა რა ექნათ, როცა „ზენიტიდან“ 55,8 მილიონ ევროდ წაყვანილ ჰალკს ხელფასად 22,5 მილიონი დაუთქვეს, „ჩელსიდან“ 60 მილიონად ნაყიდ ოსკარს კი სულაც 25,6 მილიონი ევრო, რამაც ის ჩინეთის ლიგაში ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქცია.
ახალი წესები 25 დეკემბერს დაამტკიცეს. ამიერიდან ლეგიონერის ხელფასი წლიურ 3 მილიონ ევროზე მეტი (გადასახადების გადახდის შემდეგ) ვერ იქნება. ჩინელი ფეხბურთელებისთვის ეს ზღვარი 1,29 მილიონი ევროა (გადასახადების გადახდამდე), ნაკრების წევრთათვის კი 20 პროცენტით მეტია.
უცხოელებთან გაფორმებულ კონტრაქტებზე ეს წესები 2020 წლის 1 იანვრიდან გავრცელდება, ჩინელთა კონტრაქტები კი 2019 წლის 20 ნორმბრიდან გადაიხედება.
ფედერაცია ახალ შეზღუდვებს ჩინურ ფეხბურთზე ზრუნვით ამართლებს, რამაც წამგებიანი კლუბები ვალის ჭაობიდან უნდა ამოიყვანოს. მათ ხელფასებზე ბიუჯეტის არაუმეტეს 60 პროცენტის დახარჯვის შესაძლებლობა ექნებათ. ლეგიონერთა ოდენობა ხუთით შემოიფარგლა, მატჩის განაცხადში კი მხოლოდ ოთხი უნდა იყოს. სავალდებულოა განაცხადში ორი 23-წლამდელის ყოლა და აქედან ერთის სასტარტოში.
დაველოდოთ, როგორი იქნება პირველი შედეგები. ცხადი მხოლოდ ისაა, რომ ჩინელები ვეღარაფრით დაიყოლიებენ გარეთ ბეილის კალიბრის ვარსკვლავებს – მას ხომ გასულ ზაფხულს წლიურად 31 მილიონ ევროს სთავაზობდნენ.