გელა აფრასიძემ საფრანგეთის ტოპ 14-ში სადებიუტო ლელო გაიტანა. საქართველოს ნაკრების 9 ნომერმა ეს „რასინგთან“ პარიზულ მატჩში შეძლო, რომელიც მისმა „მონპელიემ“ 25:29 წააგო და მხოლოდ მცირე სხვაობით მარცხისთვის კუთვნილ ბონუს-ქულას დასჯერდა.
21 წლის ქართველმა ნახევარმცველმა მსოფლიო თასზე ტვინის შერყევა მიიღო და მას შემდეგ უქმად იყო, მაგრამ გასულ ტურში მონპელიელთა სამწვრთნელო შტაბმა ერთობ მოულოდნელად სასტარტო შემადგენლობაში დააყენა და გელამაც ნდობა გაამართლა. აფრასიძემ მე-15 წუთზე იყოჩაღა და მანამდე 0:13 ჩამორჩენილი „მონპელიე“ თამაშში დააბრუნა. ახალგაზრდა ბორჯღალოსანმა თამაშში 51 წუთი დაჰყო, მარცხენა ბურჯმა მიხეილ ნარიაშვილმა – მასზე 6 წუთით მეტი, ხოლო მეორეხაზელმა კოტე მიქაუტაძემ ასევე თავიდან დაიწყო მატჩი, 46-ე წუთზე მინდორი დატოვა, თუმცა 77-ზე ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად დააბრუნეს. მეოთხე მონპელიელი ქართველი ლევან ჩილაჩავა გახლდათ, რომელიც შეცვლაზე 57-ე წუთზე შევიდა.
აფრასიძეს დავუბრუნდეთ: ეს მის კარიერაში პირველი სტარტი იყო „მონპელიეს“ ძირითად შემადგენლობაში ტოპ 14-ის ეგიდით. გასულ სეზონში გელამ ერთადერთხელ ითამაშა მთავარ გუნდში და ისიც – დასკვნითი 4 წუთი. ასე რომ, მწვრთნელებს შეუძლიათ მეტად ენდონ – ხომ დააყენეს სასტარტოში და ლელოც ხომ მიითვალა?!