კარლო ანჩელოტი „ევერტონის” მწვრთნელი გახდება, არადა მერსისაიდური კლუბებიდან იტალიელს „ლივერპულის” სათავეში ჩადგომა ერჩივნა; ცხადია, ახლა კი არა, რამდენიმე წლის წინ.
„რეჯანას”, „პარმას”, „იუვენტუსის”, „მილანის”, „ჩელსის”, „პარი სენ ჟერმენის”, „რეალის”, „ბაიერნისა” და „ნაპოლის” ყოფილ თავკაცს „გუდისონ პარკზე” ამ დღეებში წარადგენენ.
60 წლის მწვრთნელი „ნაპოლიდან” სულ ათიოდ დღის წინ გაუშვეს. ყველაზე უცნაურად ის ჩანს, რომ ის ჩემპიონთა ლიგაში, „გენკთან” (4:0) გამარჯვებისა და ფლეი-ოფის ეტაპზე გასვლის მეორე დღეს გაათავისუფლეს. ამასობაში კი, ინგლისში, „ევერტონი” დარჩა ხელმძღვანელის გარეშე — მარკო სილვა მოხსნეს — და ანჩელოტიმ გადაწყვიტა ახალი სამსახურის დაწყება აღარ დაეყოვნებინა.
როგორც ამბობენ, იტალიელმა „ევერტონთან” სამწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა. ამ დროში ის 11,5 მილიონ გირვანქას აიღებს. ჯერჯერობით კი „ირისებს” დროებითი მწვრთნელი დანკან ფერგიუსონი მოძღვრავს.
მაგრამ, როგორც ზემოთ მოგახსენეთ „ევერტონი” სულაც არ იყო ის გუნდი, რომლის გაწვრთნაზეც ანჩელოტი ოცნებობდა. „კალჩომერკატო” ამტკიცებს, რომ მას „ლივერპულში” უნდოდა მუშაობა.
2017 წელს, როდესაც მწვრთნელი „ბაიერნიდან” გაუშვეს, გერმანელი ჟურნალისტები ამტკიცებდნენ, რომ მათ დანამდვილებით იცოდნენ, თუ რაზე ოცნებობდა იტალიელი — მას სურდა სამუშაოდ „ლივერპულში” გადასულიყო, მაგრამ ოცნება არ აუხდა. „ლივერპულს” უკვე იურგენ კლოპი ედგა სათავეში, რომელმაც გუნდი თანდათანობით ისე მოაძლიერა, რომ ჩემპიონთა ლიგაც მოაგებინა და წლეულს, 1990 წლის შემდეგ პირველად, პრემიერლიგის ჩემპიონობისკენაც მიუძღვის.
2018 წელს, „ნაპოლის” მწვრთნელის რანგში, „ლივერპულთან” თამაშის წინ, ანჩელოტიმ თქვა: „მსოფლიოში საუკეთესო სტადიონი „ენფილდია”. აქ ყველაზე კარგი ატმოსფეროა და ყველაზე ვნებიანი გულშემატკივრები იკრიბებიან. ამ სტადიონზე თამაში ოცნებაა. შეძლებს ჩემი გუნდი ასეთ გარემოში გამარჯვებას? იმედი მაქვს, რომ შეძლებს. მე ბიჭებს ვეტყვი, რომ მოედანზე გავიდნენ და სიამოვნება მიიღონ”.
თუმცა, დღეს, კარლო ანჩელოტის სხვა ამოცანა აქვს — რამენაირად ლივერპულის ორ გუნდს შორის სხვაობა შეამციროს. „ლურჯებს” „წითლებთან” დერბი 2010 წლის შემდეგ, მთელი 20 თამაშია არ მოუგიათ. სტუმრად გამარჯვებაზე ხომ საერთოდ არ არის ლაპარაკი, ასეთი რამ 1999 წლის შემდეგ არ მომხდარა.
როდის მიეცემა იტალიელ მწვრთნელს უსიამოვნო სტატისტიკის გამოსწორების პირველი შანსი? სულ მალე, 5 იანვარს, ფეხბურთის ასოციაციის თასზე, როდესაც „ენფილდზე” მერსისაიდური დერბი გაიმართება.
„ლივერპულის” ლეგენდა და ბავშვობიდან „ევერტონის” გულშემატკივარი ჯეიმი კარაგერი: „ვფიქრობ, „ევერტონისთვის” კარლო ანჩელოტის მასშტაბის მწვრთნელის დანიშვნა დიდი წარმატებაა. „ლურჯების” ნებისმიერი თავკაცი იმის მიხედვით უნდა შეფასდეს, შეძლებს თუ არა ის ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრისთვის ბრძოლას. ამ ათი წლის წინ „ევერტონი” „სფურზის” მსგავსად მეხუთე-მეექვსე გუნდი იყო. დღეს „სფურზმა” უკვე დაიგდო ჩემპიონთა ლიგის მუდმივი მონაწილის სახელი. „ევერტონმა” კი, რეალისტები თუ ვიქნებით, მიმდინარე სეზონში ექვსეულისთვის უნდა იბრძოლოს ანუ უნდა დაბრუნდეს იქ, სადაც დევიდ მოიესის დროს იყო”.