ქუთაისის სპორტის სასახლეში ორი დღე მიმდინარეობდა ხელბურთელ კაცთა საქართველოს ჩემიონატის პირველი წრის ბოლო შეხვედრები. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ჩემპიონმა და თასის მფლობელმა ბათუმის BSB-მ ორივე თამაში მოიგო, ტურის მთავარი გმირი მაინც „იმდი-სტუ” გახლდათ, რომელმაც ჯერ მანამდე დაუმარცხებელ „ქუთაისს” აჯობა 40:38, შემდეგ კი „შავი ზღვის ბიჭებსაც” ვაჟკაცური ბრძოლა გაუმართა და მეორე ტაიმის დასაწყისში 17:14 იგებდა, მაგრამ ზედიზედ გაუშვა 5 გოლი და საბოლოოდ 3 გოლით წააგო — 28:25.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს „იმედი-სტუს” მეკარის, ზურაბ ცინცაძის თამაში.
ბათუმელების მეორე თამაშზე უკვე მოგახსენეთ, პირველ დღეს კი ჩემპიონმა სპორტის უნივერსიტეტს სძლია 45:28.
ქუთაისელებმა პირველ დღეს „იმედთან” წაგების შემდეგ სპორტის უნივერსიტეტს 24:7 მოუგეს.
12 ქულით პირველ ადგილზეა BSB, მეორეზე და მესამეზე 10 ქულიანი „ქუთაისი” და „პეგასი” მოდიან, მეოთხეზეა „იმედი-სტუ” 8 ქულით, მეხუთე-მეექვსე ადგილებს „გორი და სამტრედია” იყოფენ, 2 ქულა აქვს სპორტის უნივერსიტეტს, ხოლო წყალტუბოს ჯერჯერობით ქულა არ მოუპოვებია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგულარი ჩემპიონატი სამწრიანია, რომელიც „ფინალურ ოთხეულს” ადგენს, რის შემდეგაც პირველ-მეოთხე ადგილზე გასული გუნდები ნახევარფინალებს თამაშობენ, რასაც მოსდევს ფინალი და მატჩი მესამე ადგილისთვის.
ახლა, საქართველოს ჩემპიონატში საახალწლო შესვენებაა, თუმცა სულ მალე ცხელი დღეები დაუდგება ნაკრებს: 10-12 იანვარს ეროვნული გუნდი იტალიის ქალაქ ბენევენტოში მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ რაუნდს ითამაშებს რუმინეთის, იტალიისა და კოსოვოს ნაკრებების წინააღმდეგ.
იანვარშივე გაიმართება ევრო 2022-ის შესარჩევი ეტაპის მატჩები მთავარ საკვალიფიკაციო რაუნდში გასასვლელად. საქართველოს ნაკრებს ფინეთის ბარიერი აქვს დასაძლევი. პირველი შეხვედრა 16 იანვარს თბილისში გაიმართება, ხოლო 19 იანვარს საპასუხო მატჩი ქალაქ რიიჰიმიაკიშია დანიშნული.