მიკელ არტეტა „არსენალის” მწვრთნელი გახდება. ესპანელი დათანხმდა. ჩრდილოლონდონელები იმედოვნებენ, რომ ის გუნდს შაბათსვე უხელმძღვანელებს ლივერპულში, „ევერტონთან” წინააღმდეგ. არტეტა შეცვლის უნაი ემერის, რომელმაც „მეთოფეთა” სათავეში 18 თვე გაძლო. ემერის ხელმძღვანელობით „არსენალმა” ბოლო 8 შეხვედრაში ვეღარ მოიგო.
ნოემბრის შემდეგ, გუნდს დროებითი მწვრთნელი ფრედი ლიუნგბერგი უძღვებოდა, მაგრამ მან შემოდგომაზე დაწყებული ცუდი ტენდენცია ვერ შეაჩერა. ლიუნგბერგის ხელმძღვანელობით „არსენალმა” ყველა შეჯიბრებაში 5 თამაში ჩაატარა და მხოლოდ ერთი მოიგო. განსაკუთრებით მწარედ შინ, „მანჩესტერ სიტისთან” (0:3) დამარცხდა.
წარუმატებლობების სერიამ „მეთოფეთა” შეფებს არტეტასთან მანჩესტერში ჩასვლისა და, როგორც „ექსპრესი” წერს, ხელმეორე მოლაპარაკებისკენ უბიძგა. მოგეხსენებათ, ესპანელი „მანჩესტერ სიტიში” პეპ გვარდიოლას თანაშემწედ მუშაობდა. უფრო სწორედ, ჯერ კიდევ მუშაობს, რადგან ამ საღამოს, „კარაბაოს თასზე”, „სიტისა” და „ოქსფორდ იუნაიტედის” შეხვედრაში ის კვლავ კატალონიელის გვერდით იჯდება. ფაქტობრივად, ლონდონელები 37 წლის მწვრთნელს ზემოხსენებული 0:3-ის შემდეგ მანჩესტერის გზაზე კუდში გამოუდგნენ.
„დეილი მირორის” ცნობით, მიკელ არტეტასთვის „ოქსფორდთან” იქნება ბოლო მატჩი, როდესაც ის გვარდიოლას დაეხმარება. შემდეგ „მეთოფეთა” ყოფილი ფეხბურთელი „ემირეიტ სთედიუმზე” დაბრუნდება, ოღონდ უკვე მთავარი მწვრთნელის რანგში და სამწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
საინტერესოა, რომ არტეტა დამოუკიდებლად არასდროს გაძღოლია გუნდს, დაბალი დონისასაც კი.
„დეილი მირორი” წერს, რომ არტეტას „არსენალი” ასისტენტების არჩევის სრულ თავისუფლებას მიანიჭებს და ისიც ცნობილია, რომ ესპანელი დახმარებას თავის თანამემამულეს, „ბარსელონაში” გვარდიოლასა და „ლივერპულში” რაფა ბენიტესის მარჯვენა ხელს როდოლფო ბორელს თხოვს.
„ვერაფერს გეტყვით. ვიღაც შეიძლება 45 წლისა მთავარი მწვრთნელობისთვის ჯერაც არ იყოს მზად, სხვა კი ოცდათხუთმეტისა თანამდებობას იდეალურად მოეგოს,” — თქვა არტეტას შესახებ გვარდიოლამ, რომელსაც „მანჩესტერ სიტისთან” კონტრაქტის ვადა 2021 წელს გაუდის და კულუარებში ამბობდნენ, თუ „სიტის” დატოვებს მას არტეტა შეცვლისო.
„იმედი მაქვს არტეტამ იცის რას აკეთებს, რადგან მას კარგად მოეხსენებოდა ჩვენ რაც გვინდოდა მისგან”, — დასძინა პეპმა.